18 ნოემბერი 2024,   18:50
ვრცლად
გავლენიანი და მრავალრიცხოვანი ქონების მფლობელი ქართველი მიტროპოლიტები

გავლენიანი და მრავალრიცხვოვანი ქონების მფლობელი ქართველი მიტროპოლიტები - წმინდა სინოდის წევრები, რომელთა სახელზე დიდი ქონებაა გაფორმებული. ქართველი, ყველაზე გავლენიანი მიტროპოლიტების სახელზე სხვადასხვა ქალაქსა თუ რეგიონში, დიდი ფართობის მიწები, სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები და უძრავი ქონება ოფიციალურად არის რეგისტრირებული.

მიტროპოლიტი ქუთათელ-გაენათელი კალისტრატე, საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, 138 000 კვ.მ-ზე მეტი ფართობის უძრავ ქონებას ფლობს, სახლებისა და მიწის ნაკვეთების ჩათვლით.

ერისკაცობაში შოთა მარგალიტაშვილი მღვდლად 1980 წელს აკურთხეს. ცოტა ხანში მას ჯერ ეპისკოპოსობა, მოგვიანებით კი მთავარეპისკოპოსობა  მიანიჭეს. სასულიერო იერარქიის უმაღლეს ეშელონში მეუფე კალისტრატე საკმაოდ გავლენიანი მიტროპოლიტია.

საჯარო რეესტრში არსებული მონაცემების მიხედვით, მხოლოდ ქალაქ ქუთაისში, უშუალოდ მიტროპოლიტ კალისტრატეს ანუ შოთა მარგალიტაშვილის სახელზე, არასასოფლო-სამეურნეო მიწის ექვსი ნაკვეთია რეგისტრირებული. ყველა მიწის ნაკვეთზე, რომელიც ქალაქ ქუთაისში მიტროპოლიტ კალისტრატეს სახელზეა რეგისტრირებული, აღმოჩნდა, რომ ეკლესიაა აშენებული. ექვსივე ეკლესია დღეს ფუნქციონირებს, თუმცა სად იხარჯება შემოსული შემოწირულობები, უცნობია.

მეუფე კალისტრატეს სახელზე არაერთი უძრავი ქონება თბილისშიც ირიცხება.

არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების გარდა, მეუფე კალისტრატეს სახელზე სახნავ-სათესები და საძოვრებიცაა რეგისტრირებული.

კიდევ ერთი მიტროპოლიტი, რომლის სახელიც რამდენიმე კომპანიაში ფიგურირებს და მიწის ნაკვეთებს ფლობს, მიტროპოლიტი ანტონია, ერისკაცობაში რუსლან, იგივე მარკოზ ბულუხია.

ზოგიერთ კომპანიაში მიტროპოლიტი გარკვეული წილის მფლობელია, ზოგში კი 100%-ვე მისი საკუთრებაა.

ბიზნესების გარდა, უშუალოდ მიტროპოლიტ ანტონის სახელზე საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა თუ რეგიონში, როგორც სასოფლო, ასევე არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების არაერთი მიწის ნაკვეთია რეგისტრირებული.

ცოტა ხნის წინ p.s-ს მეუფე კალისტრატე დაუკავშირდა. მიტროპოლიტის განცხადებით, ეს ქონება მის სახელზე ილია მეორის მინდობილობით გაფორმდა და სინამდვილეში, მიწები ეკლესიას ეკუთვნის.

„მე მაქვს პატრიარქის მინდობილობა, სამუდამო მინდობილობა, რომ მე სადაც მოვაწერე ხელი, შოთა მარგალიტაშვილის სახელით, ეს ეკლესიის საკუთრებაა,“ - ამბობს მიტროპოლიტი.

წმინდა სინოდის 47 წევრიდან მხოლოდ 6 მღვდელთმთავარია ისეთი, რომლის სახელზეც საერთოდ არანაირი ქონება არ არის გაფორმებული. ასეთია ილია მეორეც - პატრიარქის სახელზე არავითარი ქონება არაა რეგისტრირებული.

 

 

ავტორი: გიორგი გვიშიანი

დღის ამბები