ღირსეული პარტნიორი 2017 ოფიციალურად გაიხსნა. ხვალიდან ქართველი და უცხოელი სამხედროები თბილისის შემოგარენში სწავლებას დაიწყებენ.
ტექნიკა გერმანიიდან წამოვიდა და ვაზიანის პოლიგონამდე მივიდა. ჯავშან-მანქანების გრძელმა კოლონამ ფოთიდან ვაზიანამდე 350 კილომეტრზე მეტი დროშებით გაიარა. მძიმე ტექნიკის გადასასვლელად სოფელ ჭალადიდთან საგანგებო ხიდი აიგო.
დროშებიანმა ჯავშანკოლონამ ფოთიდან ვაზიანამდე სვლას 10 საათი მოანდომა და ოკუპირებული ტერიტორიების გასწვრივ ჩაიარა.
ამერიკელი სამხედროები მსვლელობის პოლიტიკურ სიგნალს უარყოფენ. მათი თქმით, საგზაო მარშის იდეით საქართველოს ხელისუფლებას თავად მიმართეს.
სწავლებას მალევე მოჰყვა რუსეთის არმიისგან პასუხი. მხოლოდ ამ თვეში საქართველოს ოკუპირებულ მიწებზე სხვადასხვა მასშტაბის 11 სწავლება დაიწყო, რომელთაგან ყველაზე დიდები ახლაც გრძელდება. 6 დღის წინ ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი ჩაერთო სწავლებაში, რომელშიც რუსეთის 58-ე არმიის 16 ათასი სამხედრო 4 ათას ერთეულზე მეტი ჯავშანტექნიკითა და სპეციალური მანქანით მონაწილეობს.
საქართველოს ღირსეული პარტნიორები, რომელთაგან 5 ნატოელია, ვაზიანის პოლიგონზე უახლოესი ორი კვირის განმავლობაში ივარჯიშებენ. მონაწილეებს შეხვდება აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი.
ავტორი: თენგო გოგოტიშვილი