სამი სპეცოპერაცია თბილისსა და რუსთავში - სამართალდამცველებმა ერთდროული მოქმედების შედეგად სამი სხვადასხვა პიროვნება დააკავეს, რომლებსაც საერთო ბრალი წარედგინებათ.
მასშტაბური სპეცოპერაციის მასალა შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღის მეორე ნახევარში გაავრცელა. ვიდეომასალაში ჩანს, როგორ აკავებენ რუსთავში მცხოვრებ მამაკაცს კრიმინალური სამყაროს წევრობის ბრალდებით. ოპერატიული ინფორმაციის მიხედვით, მან კანონიერი ქურდის დავალებით რუსთავში მცხოვრებ ერთ-ერთ მოქალაქეს თანხა გამოსძალა.
რუსთავში ჩატარებული სპეცოპერაციის პარალელურად, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა სპეცოპერაცია ერთდროულად თბილისის 2 უბანშიც ჩაატარეს.
სამართალდამცველებმა ერთი-ერთი პირი ბერი გაბრიელის ქუჩაზე სარდაფში გახსნილ ავეჯის საამქროში დააკავეს. ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით კიდევ ერთი პირი კი გლდანში ახმეტელის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან აიყვანეს.
"კურიერის" ინფორმაციით დაკავებულები არიან დავით და ტარიელ მახარობლიძეები, ასევე გიორგი რეხვიაშვილი. გამოძიება აცხადებს, რომ მათ კავშირი ჰქონდათ ევროპაში მცხოვრებ ქურდულ ავტორიტეტთან, რომლის ვინაობაც ჯერჯერობით არ ხმაურდება. ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლოა ის ზაალ მახარობლიძე მეტსახელად ”გრეხოვიჩი" იყოს. გამოძიების მტკიცებით ბრალდებულები ქურდულ გარჩევებშიც მონაწილეობდნენ.