17 მაისი 2024,   15:57
ვრცლად
ყოველ ახალშობილზე 1000-ლარიანი დახმარება - ზაალ უდუმაშვილის ახალი ინიციატივა თბილისელებს

ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატი თბილისელებს ყოველ ახალშობილზე 1000-ლარიან დახმარებას ჰპირდება. დღეს ზაალ უდუმაშვილმა ქართული ოცნების სოციალური პოლიტიკა გააკრიტიკა.

უდუმაშვილმა დღეს საკუთარი გეგმის პრეზენტაცია ფეხმძიმე ქალბატონთან შეხვედრაზე მოახდინა, რომელიც არსებული კანონმდებლობით, სახელმწიფოსაგან დახმარებას ვერ მიიღებს.

19 წლის თამთა თეთრუაშვილი რამდენიმე თვეში ტყუპის დედა გახდება. 4-სულიან ოჯახში მხოლოდ ერთი წევრი მუშაობს, რის გამოც მათი ყოველთვიური შემოსავალი მინიმალურია. ოჯახი სახელმწიფო დახმარებით არ სარგებლობს.

ასეთი ოჯახების დახმარებას ზაალ უდუმაშვილი მერობის შემთხვევაში გეგმავს. ნაციონალური მოძრაობის კანდიდატის ინიციატივით, ახალშობილის ოჯახი, რომელიც სოციალურად დაუცველი არ არის, მაგრამ ყოველწლიური შემოსავალი წელიწადში 40 ათას ლარზე ნაკლები აქვს, 1000-ლარიან ერთჯერად დახმარებას მიიღებს.

კანდიდატი, რომელსაც ინიციატივის განხორციელებისთვის საჭირო თანხის რაოდენობა უკვე დათვლილი აქვს. ამბობს, რომ ამის ფინანსური რესურსი თბილისის ბიუჯეტს აქვს.

თბილისის მთავრობა ამ დროისათვის ფინანსურ დახმარებას მხოლოდ სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე ოჯახებს უწევს. ჯანდაცვის სამინისტროში კი პროგრამა მოქმედებს, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო თანხას მხოლოდ მაღალმთიან რეგიონებში მაცხოვრებელი იმ ოჯახებისთვის გასცემს, რომლებიც კონკრეტულ პირობებს აკმაყოფილებენ.

დღის ამბები