20 მაისი 2024,   00:56
ვრცლად
საკონსტიტუციო ცვლილებები - ოპოზიცია ხელისუფლებას საზოგადოების მოტყუებაში ადანაშაულებს, მმართველი გუნდი კი გამართულ კონსტიტუციაზე საუბრობს 

ხელისუფლებისადმი არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვას, პოლიტიკოსები ეხმაურებიან.

საუბარია განცხადებაზე, რომელიც სამოქალაქო სექტორმა დღეს გაავრცელა და სადაც ის მმართველ გუნდს მოუწოდებს არ დაამტკიცოს საკონსტიტუციო ცვლილებები ვენეციის კომისიის დასკვნამდე.

საპარლამენტო ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს არ დაელოდება და საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე მოსმენით მიიღებს.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების თქმით, ხელისუფლება ცდილობს საკუთარ თავზე მოირგოს ქვეყნის მთავარი კანონი.

„ხელისუფლება იგნორირებს ვენეციის კომისიის აზრს. ფაქტობრივად ეს არის ევროკავშირის პოზიცია და არც კი ელოდებიან იმას, რომ ოქტომბრამდე გადავადდეს კენჭისყრა კონსტიტუციის საბოლოო მიღებისათვის. ეს იმას ნიშნავს, რომ ფაქტობრივად ისინი მიდიან ვაბანკზე. არ აინტერესებთ ქართველი ხალხის აზრი, ქართული პარტიების, არასამთავრობო სექტორის. მათ აინტერესებთ ერთადერთ რამ, როგორმე უზრუნველყონ თავიანთი ყოფნა ხელისუფლებაში,“-განაცხადა რომან გოცირიძემ.

ხელისუფლებას მოსახლეობის,  პოლიტიკური სპექტრის და საერთაშორისო საზოგადოების მოტყუებაში ადანაშაულებს „ევროპული საქართველო.“

„ის რასაც აკეთებს ხელისუფლება, ეს არის სახელმწიფო ინტერესების დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით ქვეყნისთვის საზიანო ნაბიჯი. დაუპირისპირდე მთლიან ქართულ საზოგადოებას, პოლიტიკურ სპექტრს, მოატყუო საერთაშორისო საზოგადოება, ეს არის ძალიან სახიფათო,“-აცხადებს ირაკლი აბესაძე.

სამოქალაქო სექტორის განცხადებას და ოპოზიციის მიერ გამოთქმულ ბრალდებებს მმართველ გუნდში პასუხობენ. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები ამბობენ, რომ კრიტიკა უსაფუძვლოა და ცვლილებები, რომელიც კონსტიტუციაში შედის, ქვეყნის მთავარი კანონის გაუმჯობესებას ემსახურება.

რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიებთან კონსენსუსის არ არსებობას - მმართველი გუნდი დიალოგის ჩაშლაში კვლავ ოპოზიციას ადანაშაულებს.

„ვენეციის კომისიას რომ ჰქონდეს შენიშვნები სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, რა საკვირველია ამ თემას შეიძლება დავუბრუნდეთ ბევრჯერ და ჩაღრმავებულად ვისაუბროთ. ჩვენ ეროვნული ინტერესებიდან გამოვდივართ და კატეგორიულად არ ვეთანხმები იმ აზრს რომ ეს დაჩქარებულად მოხდა. ნახევარ წელზე მეტია ამ საკითხებზე მიდის მსჯელობა სხვადასხვა საკითხებზე და სხვადასხვა დონეზე. არის ქვეყნის ინტერესები და არის ადამიანების ჯგუფი, რომლებსაც ქვეყნის ინტერესებზე უფრო ზემოთ დაუყენებიათ თავისი პოლიტიკური ინტერესები,“-განაცხადა გია ვოლსკიმ.

დღის ამბები