გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის მიხედვით, საქართველოში სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა მკვეთრად გაუარესდა და 137 ქვეყნიან რეიტინგში ერთბაშად 24 ადგილით ჩამოქვეითდა.
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთა.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, გიორგი მიქაუტაძე აცხადებს, რომ გაეცნო მონაცემებს, თუმცა, მისთვის გაუგებარია, რა მონაცემებით ისარგებლეს ანგარიშის შედგენისას. მისი თქმით, სასამართლო დამოუკიდებელია.
„სასამარათლოს დამოუკიდებლობა რომ გაუარესებულია ქვეყანაში, ამას, რა თქმა უნდა, არ ვეთანხმები,“ - აცხადებს გიორგი მიქაუტაძე.
მიქაუტაძის ამ განცხადებას უმაღლესი საბჭოს ყველა წევრი არ ეთანხმება. ნაწილი ამბობს, რომ საერთაშორისო კვლევის მონაცემები საყურადღებოა, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის, ისე ზოგადად, საქართველოს ხელისუფლებისთვის.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი ვარაუდობს, რომ ანგარიშში საქართველოს პოზიცია, შესაძლოა, გამოეწვია კონკრეტულ საქმეებს, რომლებზეც სასამართლომ გადაწყვეტილება უკვე გამოიტანა. ჯანეზაშვილის თქმით, საბჭომ უნდა იმსჯელოს ხარვეზებზე.