საქართველოს პრეზიდენტი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შეხვდება. განხილვის თემა დღესაც კონსტიტუციის ახალი პროექტია. პრეზიდენტის სასახლეში საკითხზე კონსულტაციისთვის, 20 პარტიის წარმომადგენელი მივა.
„ევროპული საქართველოს“ წევრები ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში თუ 2020 წლიდან ქვეყანა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე არ გადავა, დემოკრატიის პროცესი დიდი ხნით შეჩერდება.
„მთელი ოპოზიციის სპექტრი არის ერთ განწყობაზე, ერთ აზრზე და ჩვენ ვხედავთ უპრეცედენტო ერთობას და ყველამ ძალიან ნათლად იცის თუ რა არის მთავარი საკითხი. ამ მიმართულებით პრეზიდენტიც იგივე აზრზე არის, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ იგივე საკითხები უნდა დადგეს დღის წესრიგში და იგივე საკითხებს უნდა დაედოს ვეტო. ძირითადად ეს არის საარჩევნო კოდექსის მიმართულებით და არ უნდა გადაიდოს დემოკრატიზაციის პროცესი,“-განაცხადა სერგო რატიანმა.
„ნაციონალური მოძრაობა" მმართველი გუნდის შეთავაზებას არასერიოზულს უწოდებს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა რურუას თქმით, პრეზიდენტმა ვეტო ყველა სადაო საკითხს უნდა დაადოს.
„იმ ორ საკითხზე ეჭვი მეპარება, რომ შედგეს კონსენსუსი, იმიტომ, რომ ეს ძალიან არასერიოზული მოთხოვნებია და ზოგადად თუ კონსენსუსი შედგება ძალიან კარგი იქნება იმიტომ, რომ არ შეიძლება ქვეყანას ერთპარტიული კონსტიტუცია ჰქონდეს,“-აცხადებს ენმ-ს წევრი ნიკა რურუა.
არასაპარლამენტო ოპოზიცია იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი პარტიებთან მიღწეულ შეთანხმებას არ დაარღვევს. პარტიების ლიდერები კვლავ მაჟორიტარული სისტემის 2020 წელს გაუქმებას და პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის შენარჩუნებას ითხოვენ.
„2020 წლისთვის სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლისა და პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის შენარჩუნების გარეშე, ვერ იქნება მიღწეული კონსენსუსი,“-აცხადებს „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე შალვა შავგულიძე.
საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, გიორგი მარგველაშვილი გუშინ საპარლამენტო უმრავლესობას შეხვდა.