20 ნოემბერი 2024,   21:22
ვრცლად
„კონსტიტუცია უნდა იყოს სახალხო“- პრეზიდენტს ოპოზიციური პარტიები შეხვდნენ

პრეზიდენტის სასახლეში სამუშაო შეხვედრა დასრულდა. საკონსტიტუციო ცვლილებებზე გიორგი მარგველაშვილთან ერთად 20-მდე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლი მსჯელობდა.

ოპოზიციის აზრით, მიუღებელია მმართველი გუნდის შეთავაზება, რომელიც ვეტოს გამოყენებას მხოლოდ ორ საკითხზე გულისხმობს. საუბარია ბარიერის 3%-მდე დაწევაზე, 2020 წლისთვის ბლოკების ერთჯერადად დატოვებასა და პროპორციულ სისტემაზე 2024 წლიდან გადასვლაზე. 

„კონსტიტუცია უნდა იყოს სახალხო, დაბალანსებული და კონსესუსით მიღებული. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. მოხარული ვარ, რომ პრეზიდენტი ასე აქტიურად არის ამ საქმეში ჩართული,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა რურუამ.

ოპოზიციის წევრები იმედოვნებენ, რომ პრეზიდენტი პოლიტიკურ  პარტიებთან მიღწეულ შეთანხმებას არ დაარღვევს. ოპოზიცია გიორგი მარგველაშვილისგან ვეტოს ყველა სადაო საკითხთან დაკავშირებით ელოდება.

„იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი პოზიციას არ შეცვლის და ის გადაწყვეტილებები, რომლებიც რამდენიმე კვირის წინ ერთად მივიღეთ, ძალაში დარჩება,“- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ლევან თარხნიშვილმა.

ოპოზიციის შეფასებით, პოლიტიკურმა პარტიებმა და პრეზიდენტმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ „ქართულ ოცნებას“ ერთპარტიული კონსტიტუციის მიღების უფლება არ მისცენ.

„მე არ ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი უნდა დაეთანხმოს „ქართული ოცნების“ შემოთავაზებას მხოლოდ ორ პუნქტთან დაკავშირებით ვეტოს დადების საკითხზე. ოპოზიციური სპექტრი, პრეზიდენტი იმ შეთანხმების ერთგული უნდა დარჩეს, რომელიც კონსტიტუციურ პროექტთან მიმართებაში ხუთ მნიშვნელოვან პუნქტს ითვალისწინებდა. არც ოპოზიციურმა სპექტრმა და არც პრეზიდენტმა „ქართულ ოცნებას“ არ უნდა მისცეს იმის უფლება, რომ ერთპარტიულ რეჟიმში ეს კონსტიტუცია გაიტანოს,“- განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გოჩა თევდორაძემ.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები