გიორგი მარგველაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ნაწილს ვეტო დაადო. განცხადება პრეზიდენტმა რამდენიმე წუთის წინ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
ვეტო სულ 6 საკითხს შეეხო, რომელთაგან პრეზიდენტის განცხადებით 5 "ქართული ოცნების" მიერ ვენეციის კომისიირ წინაშე აღებული ვალდებულებაა.
„სწორედ შეთანხმებისა და კონსენსუსის სულისკვეთებით დაიწერა მოტივირებული შენიშვნები, პირველი 4 საკითხი არის თავიდან ბოლომდე მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" საკითხები... ბონუსი, ბლოკები საკონსტიტუციო სასამართლოსა და აღმსარებლობის თავისუფლების საკითხები. მეხუთე საკითხიც "ქართულ ოცნებას" ეკუთვნის.... ეს არის 2020 წელს პროპორციული არჩევნების დანიშვნის საკითხი,“-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც პრეზიდენტი ვეტოს ადებს, პრეზიდენტის არჩევის წესია.
„პარლამენტში წარდგენილი მოტივირებული შენიშვნები, ექვს-პუნქტიანი შეთავაზება პირველ ოთხ პუნქტში, თავიდან ბოლომდე იმეორებს „ქართული ოცნების“ ვალდებულებას ვენეციის კომისიასთან ანუ მათი საკითხებია. მეხუთე საკითხიც არის ის პოზიტიური ინიციატივა, რომელიც იქნა არაერთხელ განხილული ქართულ საზოგადოებასთან და სადაც ხმები არ იყო საკმარისი, ახლა იქ ოპოზიციის ხმები არის უზრუნველყოფილი და ერთადერთი საკითხი, რომელიც ოპოზიციის საკითხია, ეს არის პრეზიდენტის არჩევის წესი და აქაც, არანაირი სიხისტე არ არის გამოვლენილი, ჩვენ ამ საკითხის მომავალში განხილვას ვთავაზობთ ქართულ პარლამენტს,“ - განაცხადა მარგველაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, ამ ექვსი შეთავაზების განხილვის და გაზიარების შემთხვევაში ქვეყანა მიაღწევს ძალიან ბევრს.
„ჩვენ მივიღებთ კონსტიტუციას, რომელსაც ექნება ოპოზიციის ხმები. რომელსაც ექნება ასევე, ოპოზიციის მხარდაჭერა პარლამენტს გარეთ... ჩვენ მივიღებთ თანხმობის დოკუმენტს,“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.