რუსეთის საგარეო უწყება საქართველოს ტვირთების მონიტორინგის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს. განცხადება ამის შესახებ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გააკეთა. გრიგორი კარასინის განცხადებით, საქართველოს სურს, რომ რუსეთმა შეთანხმების პირობები ცალმხრივად დაიცვას.
რუსეთსა და საქართველოს შორის აღნიშნული შეთანხმება 2011 წელს გაფორმდა. ამის შემდეგ, როგორც რუსეთის, საქართველოს და შვეიცარიის მხრიდან იყო ვალდებულება, რომ მოხდებოდა ტვირთების კონტროლი.
ქართული მხარის წარმომადგენლების თქმით, საქმე ეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს, სადაც საქართველოს იურისდიქცია არ ვრცელდება და ტერიტორიაზე შესვლას ვერც კი ახერხებენ.
საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძისთვის გრიგორი კარასინის ბრალდებები გაუგებარია. ვიქტორ დოლიძე აცხადებს, რომ ოკუპაციის შემდეგ, რუსეთმა ტვირთბრუნვა შვეიცარიულ კომპანიასთან ერთად უნდა აკონტროლოს.
„ჩვენ, როდესაც 2011 წელს შეთანხმებას მივაღწიეთ, შვეიცარიული კომპანია იყო მედიატორი და არის, რომელმაც უნდა მოახდინოს ამის მონიტორინგი. ჩვენ ანალოგიურ აზრზე ვრჩებით ახლაც, არასდროს არ შეგვიცვლია არც ჩვენი ვალდებულება, არც პასუხისმგებლობის სფერო და არც ვაპირებთ ამის შეცვლას. ახლა ბურთი სწორედ მათ მოედანზეა, ამას უნდა პროცესის დაწყება. მას შემდეგ, როდესაც მათ ოკუპაციის შემდგომ შეცვალეს რეალური ვითარება ადგილზე, ბუნებრივია, შვეიცარიულ კომპანიასთან ერთად, მათ უნდა აკონტროლონ ეს ტვირთბრუნვა,“ - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.
ვიქტორ დოლიძის მსგავსად, ბრალდებები გაუგებარია საქართველოს სახელმწიფო მინისტრის შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილისთვის. ციხელაშვილი ადასტურებს, რომ ქართულ მხარეს თავისი ვალდებულებები უკვე შესრულებული აქვს.
„ახლა შემხვედრი ნაბიჯების გადადგმა საჭიროა რუსეთის ფედერაციის მხრიდა, ამიტომ ჩემთვის გაუგებარია, ამ განცხადების შინაარსი,“ - აცხადებს ციხელაშვილი.