18 ნოემბერი 2024,   09:28
ვრცლად
"ქართული მარშის" წევრები პოლიციას ცემაში ადანაშაულებენ - სასამართლოში დაკავებულების პროცესი უნდა დაიწყოს

ფეხბურთის ფედერაციასთან გამართული აქციის დროს დაკავებულების პროცესი საქალაქო სასამართლოში ცოტა ხანში უნდა დაიწყოს. სამართალდამცველები მათ და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობასა და ხულიგნობას ედავებიან.

სასამართლოში "ქართული მარშის" წევრები უკვე მივიდნენ. მათი თქმით, ერთ-ერთი დაკავებული, გიორგი ჭელიძე ნაცემია და საავადმყოფოში მხოლოდ დღეს დილით გადაიყვანეს. "ქართული მარშის" წევრების განცხადებით, დაკავებულს სახის, მუცლისა და ფეხის არეში აქვს დაზიანებები მიყენებული. ისინი მომხდარში პოლიციას ადანაშაულებენ.

დაკავებულები დანაშულს არ აღიარებენ და პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე საუბრობენ.

"ქართული მარშის" წევრები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და სოროსის ფონდთან საპროტესტო აქციების გამართვას აანონსებენ. ისინი შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვენ.

გარდა ამისა "ქართული მარშის" წარმოამდგენლები პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნების დანიშვნასაც ითხოვენ. 

„ფეხბურთის ფედერაციის ე.წ. პრეზიდენტ კობიაშვილს იმ ავაზაკობას, რაც მან გუშინ ჩაიდინა, არ ვაპატიებთ. უნდა დადგეს შს მინისტრისა და სამინისტროს პასუხისმგებლობის საკითხი, რადგან პოლიციელებმა უფლებამოსილებას გადააჭარბეს, ნაცემია „ქართული მარში“ ერთ-ერთი გამორჩეული წევრი, გიორგი ჭელიძე. საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ ვაპირებთ მძლავრი კამპანიის დაწყებას,“- განაცხადა სანდრო ბრეგაძემ. 

მათი განცხადებით, აქციაზე მაშხალებს არა პოლიციას, არამედ ფეხბურთის ფედერაციის შენობას ესროდნენ.

აქციაზე 9 პირი დააკავეს, მათ შორის ლადო სადღობელაშვილი, რომელიც ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში იმყოფება. 

აქციის წევრები საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტნის, გურამ კაშიას მიერ LGBT პირთა მხარდამჭერი სამკლაურით თამაშს აპროტესტებდნენ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები