06 ოქტომბერი 2024,   14:27
ვრცლად
Facebook-ის, Twitter-ისა და Google-ის იურისტები სენატში დაკითხვაზე დაიბარეს

Facebook-ის, Twitter-ისა და Google-ის იურისტები სენატში დაკითხვაზე დაიბარეს. ამერიკელი კანონმდებლები ცდილობენ, გაარკვიონ, რუსეთი სოციალურ მედიას 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოსახდენად რამდენად ინტენსიურად იყენებდა.

კონგრესში ახალ რეგულაციებზე მსჯელობა უკვე დაიწყეს და თავად წამყვანი ფირმებიც პირობას დებენ, რომ სოციალურ ქსელებში სარეკლამო პოლიტიკა გამკაცრდება.  

სენატორები მწვავე შეკითხვებს უსვამდნენ Facebook-ის მთავარ იურისტს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ იყო უფრო მეტი ინფორმაცია რუსების მიერ რუბლებში ნაყიდ რეკლამებზე. კანონმდებლებმა სენატის სხდომათა დარბაზში კონკრეტულ რეკლამებზეც ისაუბრეს, მათ შორის იყო Facebook ანგარიშ “ჰართ ოვ თექსასის” მიერ ნაყიდი პოლიტიკური რეკლამაც.

“ობამას გარდა, ჰილარი მხოლოდ ერთი პოლიტიკოსია, რომელიც ამერიკელ ვეტერანთა უმრავლესობას ეზიზღება. ასევე ნათქვამია, რომ კლინტონს თუ აირჩევენ პრეზიდენტად კონსტიტუციის შესწორებების შესაბამისად, არმია მისი კონტროლიდან უნდა გავიდეს. ეს რეკლამა არის რუსეთის მთავრობის პირდაპირი ჩარევა ჩვენს არჩევნებში. ატყუებს ამერიკის მოქალაქეებს,“- განაცხადა სენატორმა, ქრის ქუნსიმ.

სენატორს Facebook-ის მთავარმა იურისტმა, ქოლინ სთრეჩმა უპასუხა.

 „ამ რეკლამის ადგილი Facebook-ზე არ არის. ჩვენ პასუხისმგებლობა გვაქვს, თავიდან იყოს აცილებული მსგავსი მოქმედება ჩვენს პლატფორმაზე. ამას განსაკუთრებით სერიოზულობით ვუდგებით. თქვენ მართალი ხართ, როდესაც ეს ზედაპირზე გამოგაქვთ. ეს საწყენია. იწვევს ჩემი და კომპანიის ყველა თანამშრომლის აღშფოთებას,“- აღნიშნა სთრეჩმა.

სენატორებმა განაცხადეს, რომ Facebook-მა 470, Twitter-მა კი 2700-ზე მეტი ანგარიშის იდენტიფიცირება მოახდინა, რომელიც რუსულ ინტერნეტკვლევის სააგენტოსთან, ე.წ. “ოლგინოს ტროლებთან” იყო დკავშირებული.

Facebook-ის იურისტმა განაცხადა, რომ აძლიერებენ უსაფრთხოების მექანიზმებს და აორმაგებენ იმ თანამშრომელთა რაოდენობას, რომლებმაც მათ სოციალურ ქსელში აკრძალული ინფორმაცია უნდა აკონტროლონ.

რუსეთის მხრიდან 2 წლის განმავლობაში Facebook-ზე, დაახლოებით, 3000 პოლიტიკური რეკლამა იყო ნაყიდი, რომელის ნახვის საშუალება 126 მილიონ ამერიკელს ჰქონდა. Twitter-ზე 36 000 რუსული ბოტი პოსტავდა. Google-მა კი Youtube-ში 1100-ზე მეტი ვიდეოს იდენტიფიცირება მოახდინა.

დღის ამბები