18 ნოემბერი 2024,   09:29
ვრცლად
მეგის ქარდავას დაკავება ქართული მხარის მოთხოვნის საფუძველზე მოხდა - გიორგი გოგაძე

მეგის ქარდავას დაკავება ქართული მხარის მოთხოვნის საფუძველზე მოხდა. ამის შესახებ განცხადება, მთავარი პროკურორის მოადგილემ გიორგი გოგაძემ გააკეთა. მისი თქმით, უკვე გაგზავნილია მოთხოვნა მეგის ქარდავას ექსტრადირების შესახებ, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია ვადები, თუ როდის გადმოსცემს უკრაინა მეგის ქარდავას ქართულ მხარეს. 

გოგაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე დარჩენილია გასაჩივრების პროცედურები. 

„საექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა გუშინ მას, ექსტრადიციის პროცედურები დაწყებულია, ვართ აქტიურ კონტაქტზე უკრაინულ მხარესთან ისევე როგორც ყველა სხვა საქმეში. ვადებთან დაკავშირებით ძალიან ძნელია და შეუძლებელია ამის წინასწარ განსაზღვრა, იმიტომ, რომ მას აქვს გასაჩივრების საშუალებები. ეს პროცედურა არ არის კონკრეტულ ჩარჩოებში მოქცეული, რომ გინდა თუ არა რაღაც კონკრეტულ პერიოდში დამთავრდეს. აქტიურად მივყვებით, იმედი მაქვს ითანამშრომლებს უკრაინული მხარე ჩვენთან და გადაწყვეტილება იქნება სამართლიანი მიღებული,“-განაცხადა გიორგი გოგაძემ.

მეგის ქარდავას უკრაინაში დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა საქართველოს იუსტიციის მინისტრმაც. თეა წულუკიანის განცხადებით, ქართველ და უკრაინულ სამართალდამცველებს შორის მიმდინარეობს აქტიური თანამშრომლობა, რათა ექსტრადირების პროცესი წარმატებით დასრულდეს. 

"კარგი თანამშრომლობა შედგა ამჯერად ქართველ და უკრაინულ სამართალდამცველ სტრუქტურებს  შორის და მთავარი პროკურატურა საქართველოსი აგრძელებს სამართლებრივ ნაბიჯებს იმისათვის, რომ უკრაინულმა მხარემ ექსტრადიციის პროცესი წარმატებით წაიყვანოს და ჩვენ შევძლოთ მართლმსაჯულების განხორციელება ქარდავას საქმეზე,“-განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი მეგის ქარდავა დააკავეს.

მეგის ქარდავა ქართული მხარის მოთხოვნით ინტერპოლით ძებნილთა სიაში იყო. მას საქართველოს მთავარი პროკურატურა რამდენიმე გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეში მონაწილეობას ედავება.

ქარდავას დაუსწრებლად ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული.

დღის ამბები