სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც ნუცუბიძის ქუჩაზე პატრულის დაკავების ოპერაციის დროს გარდაცვლილი პაატა პავლიაშვილის ცხედრის ექსპერტიზა თბილისში არ ჩატარდა. უწყებაში აცხადებენ, რომ მიზეზი სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოები იყო, რომელიც ლიფტს უტარდებოდა.
ექსპერტიზის ბიუროს ადმინისტრაციის უფროსის თქმით, აღნიშნულის შესახებ წინასწარ იყო ინფორმირებული შინაგან საქმეთა სამინისტრო.
გაირკვა, რომ პაატა პავლიაშვილის სიკვდილის მიზეზებს სასამართლო სამედიცინო ექსპერტები ნოემბრის ბოლომდე ვერ დაადგენენ რადგან, ექსპერტიზა 45 დღიან ვადას ბოლომდე გამოიყენებს.
იმ შემთხვევაში კი თუ გარდაცვალების მიზეზის დადგენა 45 დღეში ვერ მოხდა, ექსპერტები მუშაობას გონივრულ ვადამდე გააგრძელებენ. შესაძლებელია ასეთ შემთხვევაში საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტიც ჩაერთოს.
„პერიოდულად სტანდარტიდან გამომდინარე, ლიფტი, მათ შორის ტექნიკური აღჭურვილობა საჭიროებს პროფილაქტიკურ შემოწმებას და სამუშაოებს, ეს იგეგმება წინასაწარ და ამის შესახებ ინფორმაცია მიეწოდება შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურებს. ისინი გაფრთხილებულები არიან და ასეთ შემთხვევებში ცხედრის გადანაწილება ხდება რუსთავის ან გორის ჩვენივე განყოფილებებში და რა თქმა უნდა იქ დატვირთვის გაზრდის გამო თბილისის დეპარტამენტის ექსპერტების გადანაწილება ხდება ამ განყოფილებაში. სწორედ ეს შემთხვევა იყო ეს ცნობილი ფაქტი. წინასწარ გაფრთხილებული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურები,“-განმარტა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ადმინისტრაციის უფროსმა თამარ მელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პაატა პავლიაშვილი ერთი კვირის წინ იმ დროს გარდაიცვალა, როდესაც სამართალდამცავები მის დაკავებას ცდილობდნენ.