გაყალბდა თუ არა არჩევნები თიანეთის #20 უბანზე - არასამთავრობო სექტორი პროკურატურას გამოძიების დაწყებას სთხოვს. სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საოლქო და #20 საუბნო საარჩევნო კომისიის ქმედებებთან დაკავშირებით, უკვე არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, თიანეთის ოლქმა განკარგულებების გამოცემისას დაარღვია, როგორც ზოგადი ადმინისტრაციული, ასევე საარჩევნო კოდექსი.
მესამე სექტორი სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავს და შესაძლო დანაშაულის გამოძიების აუცილებლობაზე მიუთითებს.
„5 ბიულეტენი არის შეცვლილი და ეს არის კლასიკური გაყალბება, რომელსაც როგორც ვნახეთ, თიანეთში მოჰყვა შეცვლა შედეგის. ეს არის არსებითი დარღვევა, რომელიც უნდა დადგინდეს, რა მიზეზით მოხდა. ეს უნდა გახდეს შესაბამისი საგამოძიებო ორგანოების მოკვლევის საგანი,“ - განაცხადა ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მთავარმა იურისტმა გიგი ჩიხლაძემ.