18 ნოემბერი 2024,   09:27
ვრცლად
მედიის დამოუკიდებლობის რისკი - სამოქალაქო სექტორი მარეგულირებლის საკანონმდებლო ინიციატივაზე მსჯელობს

არასამთავრობო ორგანიზაციები კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივაზე მსჯელობენ. მათ შორის, საქმე ეხება მედიაში სიძულვილის ენის კანონით დარეგულირებას და საზოგადოებრივი აზრის კვლევების ჩატარებას მედია ორგანიზაციების მიერ.

სამოქალაქო სექტორის განმარტებით, მარეგულირებელი კომისიის წინადადება ცვლილებებთან დაკავშირებით, მაუწყებლის მიერ მაგალითად საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების გადამოწმებას გულისხმობს, რაც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა განცხადებით, პრობლემური იქნება.

„მიმდინარე წელს არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, კომისიამ შეიტანა პარლამენტში წინადადება ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლითაც უკვე საკანონმდებლო დონეზე ცდილობს, რომ მაუწყებლებს, რომელსაც დაუკვეთავს, დაევალოს საზოგადოებრივი აზრის კვლევის გადამოწმება. საშიშროება არსებობს, რომ საზოგადოებრივი აზრის კვლევის გამოქვეყნება პრობლემური გახდა, იმიტომ, რომ მოქმედ კანონმდებლობაში არ იკითხება, რომ ეს ვალდებულება არსებობს. კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას ვფიქრობთ, რომ არ აქვს დღეს ის რესურსი, რომ გადაამოწმოს,“ - განაცხადა ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” წევრმა მამუკა ანდღულაძემ.

”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” საპარლამენტო მდივანი ლიკა საჯაია აცხადებს, რომ დღეს ცვლილებების საჭიროება არ დგას. საჯაია იმ რისკებზეც ამახვილებს ყურადღებას, რომელიც მედიის დამოუკიდებლობის კუთხით არსებობს.

„ამ კონკრეტული ცვლილების საჭიროება დღის წესრიგში არ დგას, მითუმეტეს თუ იმასაც გავიხსენებთ, რომ 2009 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელა რიგი მუხლების თვითრეგულირების სფეროდან რეგულირების სფეროში გადატანაზე და საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ეს არის ძალიან დიდი რისკის შემცველი მედიის დამოუკიდებლობისთვის," - აცხადებს ლიკა საჯაია.

დღის ამბები