ანტიკორუფციული სამსახური, საკრებულოს 3 მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროების საქმიანობით დაინტერესდა. მათგან ერთი "ქართული ოცნების" ყველაზე აქტიური სახე, ია მაკასარაშვილია ხოლო ორი, გიორგი მუსხელიშვილი და ლევან დარახველიძე, საკრებულოს მოქმედი წევრები არიან.
მასალები კონკრეტული კანონდარღვევების შესახებ, საგამოძიებო სამსახურს ლევან ხაბეიშვილმა გადასცა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სუს-ის შენობაში, დღეს დაახლოებით ორი საათის განმავლობაში იმყოფებოდა და გამოძიებას, დეპუტატების მიერ საკუთარი ოჯახის წევრებისა და ნათესავების დასაქმების შესახებ დოკუმენტებს აცნობდა.
ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროებში არსებული კორუფციის შესახებ ფაქტები იმდენად მყარია, რომ შეუძლებელი იყო არ დაწყებულიყო გამოძიება.
ენმ-ს წევრი ამბობს, რომ ყველა დასახელებული პირის მიმართ საგამოძიებო უწყებამ სისხლის სამართლებრივი დევნა უნდა დაიწყოს.
„კიდევ ერთხელ ვამბობ, ია მაკასარაშვილის შემთხვევაში დგინდება, რომ მას დეპუტატობის პირობებში გაფორმებული ჰყავდა მისი მეუღლე და შვილი საკრებულოში, ასევე ირკვევა, რომ მის ბიუროში მუშაობდა ცოლ-ქმარი, რომლის ცოლსაც მერე მოუწია ქმრის უარყოფა და ა.შ. ასევე ირკვევა, რომ ლევან დარახველიძის ბიუროში ოთხი თანამშრომლიდან ორი ერთმანეთს არ იცნობს ანუ არ დადიან ისინი სამსახურში, ასევე გამოირკვა, რომ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატის გიორგი მსუხელიშვილის ბიურო რიგ შემთხვევაში დახურულია. ეს კონკრეტული ფაქტები იძლევა იმის საფუძველს, რომ ამ კონკრეტული ადამიანების მიმართ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა,“-განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაწყებული გამოძიების შესახებ კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებენ ბრალდების ადრესატები. ისინი მედიასთან კონტაქტზე არ გამოდიან და სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.