18 ნოემბერი 2024,   09:28
ვრცლად
ოზურგეთში მერობის კანდიდატის წარმომადგენლი გაუჩინარდა - მისი თანაგუნდელები ზეწოლაში ბეგლარ სიორიძეს ადანაშაულებენ

ოზურგეთში, მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის წარმომადგენელს 10 საათზე მეტია ვერ პოულობენ. კონსტანტინე შარაშენიძის წარმომადგენელი ოზურგეთის საუბნო საარჩევნო კომისიაში, გიორგი როყვა დღეს გამთენიისას გაუჩინარდა, მას მობილური ტელეფონი გამორთული აქვს და დაკავშირებას ოჯახის წევრებიც ვერ ახერხებენ.

მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ამბობს, რომ მისი თანაგუნდელის გაუჩინარებას წინ უძღოდა შეტყობინებები, რომლის მიხედვითაც გიორგი როყვა კონსტანტინე შარაშენიძეს ატყობინებდა, რომ მას ემუქრებიან და აშანტაჟებენ.

„ჩვენ გვაქვს კონკრეტული მაგალითი, რომელიც შეეხება გიორგი როყვას, ჩემს მეგობარს, რომელიც გუშინ სამ საათამდე იყო ჩემი აქტიური მხარდამჭერი. უნდა ყოფილიყო სოფელ ოზურგეთის საარჩევნო უბანზე წარმომადგენელი. რომელიც სამი საათიდან ოთხ საათამდე იქნა დაშინებული, რომლისაც არა ერთი ფაქტი მაქვს მის მიერ გამოგზავნილი შეტყობინებით და სატელეფონო საუბრით დამტკიცებული. ამ ფაქტის შემდეგ  ეს ადამიანი გაქრა,“ - განაცხადა ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა კონსტანტინე შარაშენიძემ.

ზეწოლაში, ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის წარმომადგენლები, „ქართული ოცნების“ კანდიდატს ბეგლარ სიორიძეს ადანაშაულებენ.

ბეგლარ სიორიძის წარმომადგენლები გიორგი როყვას მიმართ მუქარასა და შანტაჟს გამორიცხავენ და ამბობენ, რომ  მომხდარს გამოძიება დაადგენს. სიორიძის შტაბში ამბობენ, რომ ეს არის დეზინფორმაცია, რომელსაც კონკურენტი შეგნებულად ავრცელებს.

თავად ბეგლარ სიორიძე კომენტარს არ აკეთებს.

ოჯახის წევრების ინფორმაციით გიორგი როყვა სახლიდან დღეს დილით გავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კი მის გაუჩინარებას არ ადასტურებს.

 

ავტორი: სოფო ჭულუხაძე 

დღის ამბები