სამოქალაქო სექტორის ჩართულობით ახალი კანონპროექტი მომზადდა, რომელიც ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციას გულისხმობს. პროექტის მიხედვით, მცირე ოდენობით, მხოლოდ საკუთარი მოხმარების მიზნით ნარკოტიკული ნივთიერების ფლობისთვის სასჯელის სახით პატიმრობა გაუქმდება. რაც იმას გულისხმობს, რომ ნარკომომხმარებელი, რომელსაც მხოლოდ მისთვის განკუთვნილი დოზა აღმოაჩნდება, ადმინისტრაციულ ჯარიმას გადაიხდის.
იგივე დარჩება სასჯელი ნარკოტიკების წარმოებასა და რეალიზაციაზე.
კანონპროექტის მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ სამართალდამცველები ნარკომომხმარებელს დაიჭერენ, მას საპატიმრო დაწესებულების ნაცვლად, შესაბამის კომისიას გადასცემენ. კომისია, რომელიც სოციალური მუშაკით, ექიმით, ფსიქოლოგითა და იურისტით იქნება დაკომპლექტებული, მომხმარებლის სურვილის გათვალისწინებით გადაწყვეტს, როგორ და სად უნდა იმკურნალოს.
ნარკოპოლიტიკის რეფორმას მმართველი გუნდის თანხმობა სჭირდება. „ქართული ოცნების“ ნაწილი ფიქრობს, რომ დეკრიმინალიზაციის შემდეგ, ნარკოდამოკიდებული ადამინების რიცხვი გაიზრდება და სწორედ ამიტომ, რეფორმას მხარს არ უჭერენ.
ახალი კანონპროექტის შედგენაში ჩართული იყო ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე. აკაკი ზოიძეს იმედი აქვს, რომ თანაგუნდელები პოზიციას შეიცვლიან.
კანონპროექტთან დაკავშირებით მსჯელობას დეპუტატები უახლოეს დღეებში დაიწყებენ.