არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მიერ, 34 მოსამართლის უვადოდ გამწესების ბრძანებაზე ხელმოწერის გაჭიანურების ფაქტს ეხმაურება.
ეკა გიგაური ამბობს, რომ უკვე უვადოდ გამწესებული მოსამართლეებიდან, ნაწილის მიმართ კითხვის ნიშნები არსებობს.
გიგაური ამბობს, რომ ოდიოზური მოსამართლეების უვადოდ გამწესება სასამართლო სისტემაში არის პრობლემატური, თუმცა გაუგებარია, დღეს რატომ ეწინააღმდეგებოდა ნინო გვენეტაძე მათ უვადოდ გამწესებას, რადგან გიგაურის თქმით, მათი ნაწილის დანიშვნას თავად გვენეტაძემ დაუჭირა მხარი.
„ამ დანიშვნებში მოხვდნენ ისეთი მოსამართლეები, რომლებიც პრობლემატურები იყვნენ წინა წლების განმავლობაშიც და მათ სასამართლო სისტემაში ყოფნა ნამდვილად არ იყო პოზიტიური რამ. მათ საქმიანობასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია. ამიტომ, ამ ოდიოზური მოსამართლეების უვადოდ გამწესება სასამართლო სისტემაში ცხადია, რომ არის პრობლემატური. თუ ამას ეწინააღმდეგებოდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ჩვენ უნდა ვიცოდეთ ამ შემთხვევაში და ახლა რატომ ეწინააღმდეგებოდა. იმიტომ, რომ თავის დროზე, როდესაც მათი დანიშვნა ხდებოდა, გარკვეული მოსამართლეების რაოდენობას მანაც დაუჭირა მხარი,“ - განაცხადა ეკა გიგაურმა.
შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ 34 მოსამართლის უვადოდ გამწესების ბრძანებას ხელი გუშინ გვიან ღამით, მოსამართლეებთან შეხვედრის შემდეგ მოაწერა.
მანამდე კი, აღნიშნული საკითხის განხილვას და გვენეტაძის მიერ ბრძანებაზე ხელმოწერის გაჭიანურებას იუსტიციის საბჭოს წევრებსა და გვენეტაძეს შორის დაპირისპირება მოჰყვა.