18 ნოემბერი 2024,   09:29
ვრცლად
ახალი სასწავლო წლიდან სკოლის მოსწავლეები ახალი სახელმძღვანელოებით ისწავლიან

ახალი სასწავლო წლიდან სკოლის მოსწავლეები ახალი სახელმძღვანელოებით ისწავლიან. ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში მეექვსე კლასის ჩათვლით ყველა წიგნი შეიცვლება. ჯეჯელავას უწყებაში თვლიან, რომ სახელმძღვანელოები რთულია და უნდა გამარტივდეს. თუმცა, კონკრეტულად რა ცვლილებები შევა წიგნის შინაარსობრივ ნაწილში, ამაზე განათლების სამინისტროში არ საუბრობენ.

გარდა შინაარსობრივი ცვლილებისა, შემცირდება სახელმძღვანელოების წონაც. კონკრეტულად რომელი ავტორის რომელი სახელმძღვანელო შევა სკოლაში, ამას გრიფირების პროცესი განსაზღვრავს. სახელმძღვანელოებზე განაცხადების მიღება კვირის ბოლოს დასრულდება. წიგნებს სპეციალური კომისია შეარჩევს, ამის შემდეგ კი საჯარო განხილვა დაიწყება. პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით სახელმძღვანელოების შეცვლა სახელმწიფოს 23 მილიონ ლარამდე დაუჯდება.

განათლების სფეროს ექსპერტები იმ რისკებზე საუბრობენ, რომელიც წიგნების განახლების პროცესში შეიძლება გაჩნდეს. სპეციალისტების შეფასებით, პროცესი დაგვიანებულია და ახალი წიგნების შესარჩევად სამინისტროს ფორსირებულ რეჟიმში მოუწევს მუშაობა. ისინი ეროვნულ სასწავლო გეგმაში ძირეული ცვლილების დაწყების აუცილებლობაზე მიუთითებენ.

განახლებული სახელმძღვანელოების დაბეჭდვა სექტემბრამდე უნდა დასრულდეს. ახალი სასწავლო წლიდან მოსწავლეებს წიგნები უფასოდ დაურიგდებათ.

დღის ამბები