საქართველო მსოფლიოს უძველესი ღვინის სამშობლო - ამ სათაურით ეხმაურება უცხოური მედია მეცნიერული კვლევის ახალ შედეგებს. კვლევის თანახმად, მეღვინეობა საქართველოში 8 ათასს წელს ითვლის.
გაზეთი New York Times წერს, რომ ორ ქართულ სოფელში არქეოლოგიური გათხრების დროს თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები იპოვეს, რომლებზეც ღვინის კვალი აღმოჩნდა. ქიმიური ანალიზის შედეგად მეცნიერებმა დაადგინეს, რომ საქართველოში ყურძნისგან ღვინოს ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე ამზადებდნენ. აღმოჩენილი თიხის ჭურჭელი კი 8 ათასი წლისაა.
ამავე თემაზე წერს BBC-ც, რომელიც ხაზს უსვამს, რომ ღვინის დამზადების ყველაზე უძველეს ქვეყნად ირანი ითვლებოდა. თუმცა, საქართველოში ნაპოვნი ქვევრები ირანში აღმოჩენილ ჭურჭელზე 1000 წლით ძველია.