ბათუმში, ავტოსადგურის ტერიტორიაზე ერთ-ერთმა მოვაჭრე ქალბატონმა სასმელ წყალში პატარა ქვეწარმავალი აღმოაჩინა. მაყვალა გორდელაძე აცხადებს, რომ ის ხშირად სარგებლობდა ამ ონკანით, დღეს წამლის დასალევად ბოთლში წყალი აავსო და შემთხვევით დაინახა, რომ წყალში ქვეწარმავალი იყო.
„წამალი უნდა დამელია და სათვალე, რომ არ მქონოდა თვალზე ალბათ, გადავყლაპავდი. წვრილი წიწილი იყო, გველის წიწილი“ - განაცხადა მაყვალა გორდელაძემ.
ადგილზე გამოიძახეს ბათუმის წყლის ლაბორატორიული ჯგუფი. სინჯების აღების შემდეგ ავტოსადგურის ეზოში სასმელი წყალი გადაიკეტა.
ავტოსადგურში მომუშავეები აცხადებენ, რომ ყოველი წვიმის შემდეგ ონკანიდან დაბინძურებული წყალი მოდის.
ბათუმის წყალში კი ამბობენ, რომ ლაბორატორიული დასკვნის შედეგად დადგინდა, რომ ეს იყო თმისებური ჭია, რომელიც ნესტიან ადგილებში ბინადრობს და ის ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიში არ არის. ლაბორატორიის ხელმძღვანელის განცხადებით, შესაძლებელია ჭია წყალში არტენზიული ჭის მეშვეობით მოხვედრილიყო.