"რესპუბლიკური პარტია ქართული ოცნების კოალიციაში ყოფნის დროს მმართველ გუნდს სამინისტროების ოპტიმიზაციას სთავაზობდა," - ამის შესახებ განცხადება პარტიის მდივანმა, თამარ კორძაიამ, გადაცემა არჩევანში გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს ცვლილებები არ გულისხმობდა გარემოს დაცვის სამინისტროს ლიკვიდაციას.
თამარ კორძაიას თქმით, "ეს რეფორმები თვითმმართველობის არჩევნების დასრულების შემდეგ მიზანმიმართულად გახმაურდა და ეს არ უკავშირდება ძალთა გადანაწილებას, რადგან ქართული ოცნება უკვე არის ერთპარტიული მმართველი".
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს არ გაუმართლა პირდაპირი წესით არჩეულ კანდიდატებში და ამის მაგალითია გიორგი მარგველაშვილი. თუმცა, გამონაკლისი ამ კუთხით არის კახი კალაძე.
„ჩვენ გვაქვს რეალობა, რომ პოლიტიკურ პარტიაში კახი კალაძემ დაიკავა სერიოზული პოზიციები. კახი კალაძე ერთადერთი პერსონაა ქართულ ოცნებაში, რომელმაც მოახერხა, ბიძინა ივანიშვილის ღია მხარდაჭერის გარეშე მოსულიყო ხელისუფლებაში,“ - განაცხადა კორძაიამ.
ის მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ არც ერთი მინისტრი არ არის მზად იმისთვის, რომ პასუხები გასცეს მოქალაქეებს. მათ არ იციან, რა რაოდენობით დაიზოგება ბიუჯეტი და თითოეული მათგანი დანიშნულია ბიძინა ივანიშვილის პირადი მითითებით.
„ყველა პერსონა, რომელიც ახლა დაინიშნა, ივანიშვილს დაქვემდებარებული ადამიანები არიან,“ - განაცხადა თამარ კორძაიამ.