ცივი იარაღით მიყენებული 10-მდე ჭრილობით 39 წლის ნინო რუბაშვილი მძიმე მდგომარეობაში რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ასევე რთულია მისი მშობლების მდგომარეობა. ნინო რუბაშვილს სასტიკად ყოფილი მეუღლე გაუსწორდა. მან ჯერ ქალი სცემა, მისი გაგუდვა სცადა და შემდეგ შვილების თვალწინ ცივი იარაღით დაჭრა.
სახის, ზურგისა და მუცლის არეში მრავლობითი ჭრილობა აქვთ მიყენებული ნინო რუბაშვილის მშობლებს, რომლებიც შვილის დაცვას შეეცადნენ.
რუბაშვილს ყოფილი ქმარი გამთენიისას საკუთარ სახლში, ათონელის ქუჩაზე დაესხა თავს. თავდასხმის შემდეგ რუბაშვილებმა ადგილზე საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, თუმცა 40 წლამდე მამაკაცმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა შეძლო.
რუბაშვილის ოჯახში ამბობენ, რომ მამაკაცი ყოფილ ცოლს სისტემატურად ემუქრებოდა და შერიგებას სთხოვდა. ოჯახის ინფორმაციით, ყოფილმა ცოლმა ქმრის მუქარის გამო პოლიციას არა ერთხელ მიმართა.
"კურიერის" ინფორმაციით, მამაკაცმა სასჯელაღსრულების დაწესებულება რამდენიმე წლის წინ დატოვა. 9 წლის განმავლობაში მამაკაცი სასჯელს ტრეფიკინგის ბრალდებით იხდიდა. გავრცელებული ინფორმაციით, მას გამოძიება საქართველოდან თურქეთში გოგონების არალეგალურად გაყვანას ედავებოდა.