18 ნოემბერი 2024,   09:28
ვრცლად
დახურულ ფონდში დაცული წიგნები, რომელიც ამ დრომდე არავის უნახავს, წიგნის მუზეუმში გამოიფინება

პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ორ დღეში კავკასიის რეგიონში ყველაზე დიდი წიგნის მუზეუმი გაიხსნება. მუზეუმში განთავსდება ეროვნული ბიბლიოთეკის საგანძური, რომელიც დახურულ ფონდში ინახება და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი არასოდეს ყოფილა.

ციფრულ ფორმატზე გადაინაცვლებს მუზეუმში დაცული ყველა უძველესი წიგნი, რომლის ნახვის შესაძლებლობა დამთვალიერებელს სენსორული ეკრანების საშუალებით ექნება.

მუზეუმი დამთვალიერებელს ისეთი გამოცემების ნახვის შესაძლებლობას მისცემს, როგორიცაა პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნი, 1629 წელს რომში გამოცემული ქართულ-იტალიური ლექსიკონი; მოსკოვში არჩილ მეფის მიერ გამოცემული „დავითნი”, რომლის ტირაჟიდან სამი-ოთხი ეგზემპლარია შემორჩენილი; ვახტანგ VI სტამბის გამოცემები - 1712 წელს გამოცემული „ვეფხისტყაოსანი”, 1709 წელს გამოცემული „სახარება”; ერეკლეს სტამბის წიგნები; იმერეთში, საჩხერის რაიონის სოფელ წესში გამოცემული პირველი ქართული მინიატურული წიგნი „ღვთისმშობლის სავედრებელი”; რუსეთში, ათანასე ამილახვრის სტამბაში დაბეჭდილი უნიკალური ქართული გამოცემები და ა.შ.

გარემონტდა სამუზეუმო სივრცე, შეიქმნება უძველესი წიგნებისთვის აუცილებელი კლიმატური პირობები, რომელიც იშვიათი გამოცემების შესანახად აუცილებელ პირობას წარმოადგენს.

პროექტი დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდის დაფინანსებითა და ხელშეწყობით ხორციელდება. 

დღის ამბები