ე.წ. ციანიდის საქმეზე სახალხო დამცველის დასკვნას ეხმაურება თბილისის საქალაქო სასამართლო. უწყება უჩა ნანუაშვილს არაობიექტურობაში ადანაშაულებს. საგანგებო განცხადებაში ნათქვამია, რომ ომბუდსმენის დასკვნა არის „სამართლებრივად უსუსური ანგარიში.“
"სახალხო დამცველისგან სასამართლოს განაჩენსა და სხდომათა სრულად დახურვის საკითხზე მსჯელობა უხერხულია მაშინ, როდესაც იგი ისე ასრულებს უფლებამოსილების ვადას, რომ ვერ განსაზღვრა სახალხო დამცველის საქმიანობისა და კომპეტენციის ფარგლები. გამოქვეყნებული 16 გვერდიანი, სამართლებრივად უსუსური ანგარიში, არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც უჩა ნანუაშვილი სასამართლოს კომპეტენციაში იჭრება და სუბიექტური მოსაზრებებით და პოპულისტური განცხადებებით საზოგადოების დეზინფორმირებას ცდილობს." - ნათქვამია საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.