18 ნოემბერი 2024,   09:25
ვრცლად
კიევიდან დეპორტირებული რუსთავი2-ის ოპერატორის მშობლები შვილს ფოთის ნავსადგურში ელოდებიან

უკრაინიდან საქართველოს დეპორტირებული ცხრა მოქალაქის, მათ შორის რუსთავი2-ის კიევის ბიუროს ოპერატორის ადგილსამყოფელი კვლავ უცნობია.

არსებობს ვერსია, რომ  ისინი ბორანზე იმყოფებიან, რომელიც ფოთისკენ მოემართება.

როგორც რუსთავი2-ის ოპერატორის, თამაზ შავშიშვილის, მამა აცხადებს, გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, მისი შვილი 6 საათზე იქნება ფოთში, ამიტომ ის ჩავა და დაელოდება ნავსადგურზე ბორანის ჩამოსვლას.

„ესეთი ინფორმაცია მოგვაწოდეს, რომ 6 საათისთვის ფოთში მოიყვანენ და ამჟამად ბორანზეა,“ - განაცხადა გივი შავშიშვილმა.

მისივე თქმით, თუ აღნიშნულ ბორანზე თამაზ შავშიშვილის არ აღმოჩნდა, მაშინ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მივა და მოითხოვს პასუხს მისი შვილის ადგილსამყოფელთან დაკავშირებით.

არ გამორიცხავენ იმასაც, რომ დეპორტირებულები საქართველოში თვითმფრინავით დაბრუნდნენ.

ღამის განმავლობაში კიევიდან თბილისში ორი რეისი შესრულდა, თუმცა, არც ერთ მათგანზე ქვეყნიდან გამოძევებულები არ ყოფილან.

თბილისის საერთშორისო აეროპორტში, დაახლოებით, ერთი საათის წინ დაეშვა რეისი კიევის ჟულიანის აეროპორტიდან. თუმცა დეპორტირებულები არც ამ რეისს ჩამოჰყოლიან.

არსებული ინფორმაციით, რუსთავი2-ის ოპერატორი, თამაზ შავშიშვილი, ნაცემია. მასთან უკვე 40 საათზე მეტია, დაკავშირება ვერ ხერხდება.

დეპორტირებულთა შორის არიან ის ქართველი მებრძოლებიც, რომლებიც რუსეთ-უკრაინის ომის ფრონტის ხაზზე უკრაინის ინტერესებს იცავდნენ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები