საქალაქო სასამართლოში, დათა ახალაიამ „skype”-ის მეშვეობით ჩვენება მისცა. ჩვენების მიცემა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილმა დირექტორმა იმის მტკიცებით დაიწყო, რომ მას საქართველოს მესამე პრეზიდენტთან გირგვლიანის საქმეზე შეხვედრა არ ჰქონია. მან კატეგორიულად გამორიცხა ის ფაქტიც, რომ მიხეილ სააკაშვილისგან წინასწარ ჰქონდა მიღებული პირობა გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებული პირების შეწყალების შესახებ. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილმა დირექტორმა თითქმის 2-საათიანი დაკითხვისას არაერთხელ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილთან რამდენიმე შეხვედრისას მხოლოდ სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებზე საუბრობდა.
კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი მტკიცებდა, რომ მიხეილ სააკაშვილთან რამდენიმე შეხვედრას არ ესწრებოდა ოლეგ მელნიკოვი, რომელიც გამოძიებისთვის საინტერესო პერიოდში იმავე დეპარტამენტში მუშაობდა და დათა ახალაიას მძღოლის ფუნქციას ითავსებდა. სახელმწიფო ბრალდება სწორედ მელნიკოვზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ ახალაიამ უშუალოდ მიხეილ სააკაშვილისგან მიიღო დაპირება გირგვლიანის საქმეზე გასამართლებული, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მაშინდელი თანამშრომლების შეწყალების შესახებ.
2012 წლის შემდეგ ეს პირველი შემთხვევა იყო როცა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილმა დირექტორმა სასამართლოს ჩვენება მისცა. დათა ახალაიას დაკითხვა დღემდე არ მომხდარა, მათ შორის არც მისი ბრალდების საქმეებზე.