თბილისის მერიის სსიპ-ებისა და აიპ-ების შემოწმებას დამოუკიდებელი აუდიტი იწყებს. მაკონტროლებლები მერიაში თავად მიიწვიეს და ამისთვის ტენდერიც გამოაცხადეს. დავით ნარმანიას პერიოდს მერიაში დამოუკიდებელი აუდიტორული კომპანია "პრიმა აუდიტი" შეამოწმებს. ის ტენდერის ერთადერთი მონაწილე იყო.
ამ გარემოებამ ოპოზიციას კითხვები გაუჩინა. ლევან თარხნიშვილი "ევროპული საქართველოდან" დარწმუნებულია, რომ დავით ნარმანიამ მისთვის სასურველი კომპანია თავად შეარჩია და ამით ის შესაძლო პასუხისმგებლობა აირიდა თავიდან, რომელიც მერიაში აღმოჩენილი დარღვევების შემთხვევაში მას დაეკისრებოდა.
ტენდერის გამოცხადების ვადების გარდა, ოპოზიციის ეჭვებს იწვევს კომპანიაც, რომელმაც ტენდერი უკონკურენტოდ მოიგო. მერიის სატენდერო კომისიამ შპს "პრიმა აუდიტის" გამარჯვების მიზეზად კომპანიის მიერ მომსახურების სანაცვლოდ, ყველაზე დაბალი ფასის მოთხოვნა დაასახელა. მაგრამ ჩნდება კითხვა, რასთან შედარებით იყო ეს ფასი დაბალი, როდესაც ტენდერში მონაწილეობა არცერთ სხვა კომპანიას არ მიუღია.
ამ კომპანიის ერთ-ერთი მფლობელი მურად ნარსიაა. ოპოზიციის ინფორმაციით, მას საკმაოდ ახლო ურთიერთობა აქვს დავით ნარმანიასთან.
თბილისი ყოფილი მერი აცხადებს, რომ ის შპს "პრიმა აუდიტის" შესახებ ინფორმაციას არ ფლობს და არც კომპანიის მიერ ჩასატარებელი ფინანსური შემოწმების შესახებ იცის რამე. ინფორმაცია არ აქვს თბილისის მოქმედ მერს, კახი კალაძესაც.
კახი კალაძემ თანამდებობის ოფიციალურად გადაბარების პირველივე დღეს დააანონსა, რომ დავით ნარმანიას მერობის პერიოდს აუდიტი შეისწავლიდა.
საკრებულოს ოპოზიცია კი, დავით ნარმანიას 3 წლიანი მერობის პერიოდის შესწავლას საგამოძიებო უწყებებიდან ითხოვს.