22 ნოემბერს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ახმედ ჩატაევის შესაძლო ლიკვიდირების საკითხს, ანალიტიკოსები ეხმაურებიან. ანალიტიკოსთა განცხადებით, მმართველმა გუნდმა პასუხი უნდა გასცეს მთავარ კითხვას, როგორ შემოვიდა საქართველოს ტერიტორიაზე აჰმედ ჩატაევი და რა მიზანს ემსახურებოდა რამდენიმე წლის წინ მისი საპატიმროდან გათავისუფლება.
„ტერორიზმში ბრალდებული ადამიანი გაუშვა იმიტომ, რომ მერე ისევ შეტევაში მიიღოს მონაწილეობა, არის სახელმწიფოს ძალიან დიდი სისუსტე და ამიტომ, ეს აღარ უნდა განმეორდეს. ძალიან სერიოზულად არის მისახედი უსაფრთხოების სექტორი. მნიშვნელოვანია დავადგინოთ, რატომ მოხდა ეს, იყო ეს დაუდევრობის გამო თუ იყო ეს ვინმეს სპეციალური სურვილი, ეს ადამიანი გამოსულიყო თავისუფლებაზე,“ - განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.
ექსპერტები აცხადებენ, რომ სპეცოპერაციის შედეგ ასევე ნათლად გამოჩნდა, რომ უსაფრთხოების მიმართულებით ქვეყანა გამოწვევის წინაშე დგას.
„ჩემთვისაც ძალიან ბევრი შეკითხვაა, ამაზე პასუხები არ მაქვს და ვერ მექნება, სანამ მთავრობა არ მოახდენს სწორ კომუნიკაციას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველი დაგვიანებული დღე ქვეყნის უსაფრთხოებას აყენებს ძალიან დიდ ზიანს. ამას სჭირდება განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მიდგომა და რაც მთავარია, ინსტიტუციურად გამართული უსაფრთხოების სისტემა, რაც ქვეყანაში დღეს არ არსებობს,“ - აცხადებს საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე პრეზიდენტი, ბათუ ქუთელია.