უმაღლესი მოსამართლეობის მსურველი კანდიდატების შერჩევასა და გასაუბრებებთან დაკავშირებით საუბრობენ მესამე სექტორში. არასამთავრობო ორგანიზაციები შერჩევის პროცესში არა ერთ ხარვეზზე ამახვილებენ ყურადღებას, რაზეც მათი თქმით, სათანადო რეაგირება არ ყოფილა.
„შეიმჩნევა ფავორიტიზმი კონკრეტულ კანდიდატებთან დაკავშირებით, შესაბამისად, კითხვებიც გასაუბრებებზე განსხვავებული სირთულის არის კანდიდატებთან. ასევე ძალიან სამწუხაროა, რომ გავლენიანი ჯგუფი, რომელიც არის საბჭოში, არ აძლევს საშუალებას მათივე კოლეგას, ანუ საბჭოს ზოგიერთ წევრს, დასვან კრიტიკული კითხვები კანდიდატებთან,“ - აცხადებს IDFI-ის წარმომადგენელი გიორგი ბერაია.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ იუსტიციის საბჭოს წევრების მხრიდან ხდება კანიდიდატების არათანაბარ პირობებში ჩაყენება, რაც მათი მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ნიშნავს. არასამთავრობო სექტორი საბჭოს წევრებს მოუწოდებენ, ორმაგ სტანდარტებზე უარი თქვან.
„თუკი მაგალითად, სასამართლოს მოქმედ თავმჯდომარეებს ესაუბრებოდნენ ძირითადად იმ საკითხებზე, რომლებიც საქმეთა განაწილებას ან თავმჯდომარეობის უფლებამოსილებას ეხება, სხვა კანდიდატებთან შეკითხვები მიმართული იყო პროფესიულ ცოდნაზე. ამიტომ, საბჭოს უნდა ჰქონდეს ერთგვარი ერთიანი მიდგომა ყველა კანდიდატისადმი, შეკითხვები უნდა იყოს თანაბრად კრიტიკული ყველასთან მიმართებაში,“ - აცხადებს „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას” თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძე.