სასულიერო პირების ვიზიტი ვაშინგტონში გრძელდება. ისინი დღეს ვაშინგტონში მთელი დღის მანძილზე მართავდნენ შეხვედრებს ამერიკის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან. ისინი ესაუბრნენ სახელმწიფო მდივნის მოადგილეს დიპლომატიის საკითხებში ,შერონ ჰადსონ დინს. ასევე თომას მელიას, რომელიც არა ერთი წლის მანძილზე დემოკრატიის და ადამიანის უფლებათა საკითხებს კურირებდა სახელმწიფო დეპარტამენტში.
დელეგაციას საშუალება ჰქონდა შეხვედროდა საზღვაო ძალების მეთაურობასაც. ამერიკულმა მხარემ „კურიერთან“ საუბარში არა ერთხელ გაუსვა ხაზი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, სხვადასხვა რელიგიური აღმსარებლობის ლიდერების ერთად ყოფნა.
"ეს რამდენიმე კუთხით არის ძალიან მნიშვნელოვანი. პირველ რიგში, საქართველოსთან ხანგრძლივი ურთიერთობა გვაქვს. ავღანეთისა და ერაყის ომებში ქართველები მხარდამხარ დგანან. მნიშვნელოვანია, როდესაც გყავს რელიგიური ლიდერები, რომლებიც ჩამოდიან ერთად და წარმოადგენენ სხვადასხვა რელიგიურ ჯგუფებს, აღმსარებლობას და ესმით, თუ როგორ გააკეთონ ეს ურთიერთპატივისცემით და ღირსეულად," - განაცხადა აშშ-ის საზღვაო ძალების კაპლანმა ბრენტ სკოტიმ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილის თომას მელიას შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ ეს ლიდერები ერთად მოგზაურობენ, მრავალფეროვანი დელეგაციის სახით. ასევე ატარებენ დროს არა მხოლოდ ამერიკელებთან, არამედ ერთმანეთთან ურთიერთობაში.
„როდესაც საკუთარი ოჯახური გარემოდან სამოგზაუროდ ერთად მიდიან, ზოგჯერ მეტად აცნობიერებენ, რომ ქართველებს უფრო მეტი აქვთ საერთო, ვიდრე ამას შესაძლოა შეიცნობდნენ სახლში სხვადასხვა მრევლთან, მეჩეთებსა თუ საზოგადოებაში," - აღნიშნა თომას მელიამ.
სინოდის წევრებმაც აღნიშნეს, რომ სასულიერო პირთა მრავალფეროვანი დელეგაციით მოგზაურობა მნიშვნელოვანია. მეუფე გრიგოლის თქმით, ეს შეუძლიათ ამერიკელებმაც სამაგალითოდ გამოიყენონ.
კიდევ ერთი, რასაც წმინდა სინოდის წევრები ყურადღებას აქცევენ და აქცენტს აკეთებენ, არის ანგარიშები, რომლებსაც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ყოველწლიურად აქვეყნებს. მართლამდიდებლური ეკლესია ცდილობს უჩვენოს ამერიკულ მხარეს, რომ საქართველოში სერიოზული რელიგიური პრობლემები არ არსებობს.
„ეს იყო ჩვენი გზავნილი, რომ ჩვენთან სერიოზული რელიგიური პრობლემა არ არის და თუ რაიმე ცალკეული ფაქტები იყო, ეს იყო პროვოცირებული გარკვეული პირების მიერ და ეს არ ახდენს გავლენას ჩვენს ისტორიულ ურთიერთობებზე, რომელიც უკვე ჩამოყალიბებულია საუკუნეების მანძილზე,“ - განაცხადა რუსთავის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე იოანემ.
გორის და ატენის მიტროპოლიტის განმარტებით, საქართველო ტრადიციული და ტოლერანტული ქვეყანაა, სადაც გვერდიგვერდ ცხოვრობდა ყველა რელიგიის წარმომადგენელი.
"ზოგ შემთხვევაში კონფლიქტი და დაძაბულობა წარმოიქმნება კერძო პირების მიერ და სურთ ვიღაცეებს, რომ ეს წარმოაჩინონ გაცილებით უფრო მტკივნეულად და მძაფრად და რაც მთავარია წარმოაჩინონ, რომ ეს არის მუდმივი მდგომარეობა, რაც წარმოადგენს სიცრუეს,“ - აცხადებს მეუფე ანდრია.
სასულიერო ლიდერები დღეს ამერიკულ მხარეს დემოკრატიის ეროვნულ ფონდშიც შეხვდებიან. დახურულ კონფერენციაზე დისკუსია რელიგიასა და დემოკრატიაზე, ასევე დეზინფორმაციის თემაზე გაიმართება.