22 დეკემბერი 2024,   15:04
ვრცლად
საზარელი მკვლელობა ხორავას ქუჩაზე - შსს-მ კიდევ სამი პირი დააკავა

სამართალდამცველებმა ხორავას ქუჩაზე მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით კიდევ სამი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შსს-ს ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ პირებს შორის ერთ-ერთი ორი მოსწავლის მშობელია.

"კურიერის" ინფორმაციით, ბრალდებულემა თენგიზ კალანდიამ მისი შვილებისგან შეიტყო ორმაგი მკვლელობის შესახებ, თუმცა არ შეატყობინა პოლიციას და ბრალდებულს მიმალვაში დაეხმარა.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დაკავებულებმა დამალეს მომხდარი დანაშაული და არ შეატყობინეს სამართალდამცველებს, ასევე ხელი შეუწყეს არასრულწლოვნის მიმალვას. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო არ გამორიცხავს, რომ მომხდარ დანაშაულზე გაიზარდოს დანაშაულის დაფარვისა და შეუტყობინებლობისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისაცემ პირთა წრე. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 4 დეკემბერს, გამთენიისას დააკავეს მოქალაქეები თ.კ., გ.შ. და ზ.წ.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ თ.კ.-სთვის, ასევე, მისი შვილების - ლ.კ.-სა და მ.კ.-სთვის ცნობილი გახდა, რომ 2001 წელს დაბადებულმა, არასრულწლოვანმა გ.ჯ.-მ განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ჩაიდინა, რაც სამართალდამცველებს არ შეატყობინა. შესაბამისად, მოქალაქე თ.კ. დაკავებულია დანაშაულის დაფარვისთვის.

"რაც შეეხება მოქალაქეებს - ლ.კ.-ს და მ.კ.-ს, მათ მიმართ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და შესაძლოა, გაიზარდოს დანაშაულის დაფარვისა და შეუტყობინებლობისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისაცემ პირთა წრე.

ზემოაღნიშნულის გარდა, გამოძიებამ, ასევე, დაადგინა, რომ მოქალაქეებმა - გ.შ-მ და ზ.წ.-მ ხელი შეუწყეს არასრულწლოვანი გ.ჯ.-ს მიმალვას. შესაბამისად, მოქალაქეები გ.შ. და ზ.წ. დაკავებული არიან დანაშაულის დაფარვისთვის," - ნათქვამია განცხადებაში. 

უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებებს.

კიდევ ერთ დაკავებული არასრუწლოვნის პროცესი კი, ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში იწყება. 

დღის ამბები