პოეტ ზვიად რატიანის მიერ პოლიციელების მისამართით გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა დაიწყო.
უწყების ინფორმაციით, ფაქტის პირველადი შესწავლის შედეგად იკვეთება ორივე მხარის ბრალეულობა და საბოლოო გამოძიებამდე პოლიციელს შეუჩერდება უფლებამოსილება.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია სწავლობს აღნიშნულ ფაქტს. პირველადი შესწავლის შედეგად, იკვეთება ორივე მხარის პასუხისმგებლობა. ამავე დროს, წინასწარი მოკვლევით იკვეთება ერთ-ერთი პოლიციელის შესაძლო სამსახურებრივი გადაცდომა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაქტის საბოლოო გამოძიებამდე უფლებამოსილებას შეუჩერებს ზემოაღნიშნულ პოლიციელს. რაც შეეხება მოქალაქე ზ.რ.-ს, იგი ამჟამად გათავისუფლებულია დროებითი მოთავსების იზოლატორიდან. ამ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.
"შინაგან საქმეთა სამინისტრო პერიოდულად მიაწოდებს საზოგადოებას ინფორმაციას ორივე ფაქტის გამოძიების მიმდინარეობაზე,“ - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ზვიად რატიანი პოლიციელებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. პოეტი ამბობს, რომ სამართალდამცავებმა ის საპოლიციო კონტროლის ფარგლებში გააჩერეს, ცინიკურად ესაუბრნენ და ბოლოს სცემეს. ზვიად რატიანი 10-საათიანი პატიმრობის შემდეგ დღეს ხელწერილით გაათავისუფლეს.