22 დეკემბერი 2024,   15:13
ვრცლად
თბილისელებისთვის ელექტროენერგიის ტარიფი ერთნახევარი თეთრით იზრდება

თბილისელებისთვის ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი ერთნახევარი თეთრით იზრდება. ამის შესახებ ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის სხდომაზე ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. 

"სემეკის" გადაწყვეტილებით, „თელასის“ აბონენტთათვის 1.5 თეთრით გაზრდილის ტარიფი 2018 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. დადგენილების პროექტს კენჭი "სემეკის" დღევანდელ სხდომაზე უყარეს.

განაცხადები ტარიფების მატების შესახებ, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში "თელასმა" და "ენერგო პრო ჯორჯიამ" შეიტანა.

დღევანდელ სხდომაზე "სემეკის" წევრებს ტარიფების დეპარტამენტმა მონაცემები წარუდგინა, თუ რა უჯდებათ კომპანიებს ელექტროენერგიის შესყიდვა და ელექტროენერგიის განაწილება. სწორედ ამ ორი კომპონენტის განხილვის შედეგად განისაზღვრა სამომხმარებლო ტარიფის ოდენობა. 

”თელასის” კომერციული დირექტორის მოადგილე მიხეილ ნათაძე ამბობს, რომ კომპანია "სემეკის" გადაწყვეტილებას სრულად არ ეთანხმება. ნათაძის განმარტებით, გაზრდილი ტარიფი იძლევა საშუალებას, სტაბილური ენერგომომარაგებისა, მაგრამ კომპანიას განვითარების შესაძლებლობას არ აძლევს.

„უზრუნველყოფილი იქნება კომპანიის ფუნქციონირება და უზრუნველყოფილი იქნება სტაბილური ენერგომომარაგება აბონენტებისთვის, მაგრამ გვაქვს კონკრეტული შენიშვნები, კონკრეტული მოსაზრებები, რომელიც დღესაც წარმოვადგინეთ. რაშიც მარეგულირებელ კომისიას არ დავეთანხმებით ეს გახლავთ ის, რომ მარეგულირებელი კომისია არ ითვალისწინებს კომპანიის სახეცვლილებას. ტარიფი იძლევა იმის საშუალებას, რომ ენერგომომარაგება ქალაქში იყოს სტაბილური და საიმედო, მაგრამ არ გვაძლევს საშუალებას სრულად ვიფიქროთ კომპანიის განვითარებაზე,“ - აცხადებს „თელასის“ კომერციული დირექტორის მოადგილე მიხეილ ანთიძე.

ტარიფების ზრდასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ენერგოომბუდსმენმა. სალომე ვარდიაშვილი ამბობს, რომ ტარიფის ზრდა მოსალოდნელი იყო, რადგან ინვესტიციების და მოხმარების ნაწილი გაზრდილი იყო.

„მომხმარებლებს, რომლებსაც ამ გაზრდილი ტარიფის შემდეგ მხარდაჭერა სჭირდებათ სოციალურ-ეკონომიკური კუთხით, აბსოლუტურად უზრუნველყოფილი უნდა იყოს ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან,“ - აცხადებს სალომე ვარდიაშვილი.

ამ წუთებში "სემეკი" რეგიონების ტარიფის საკითხზე მსჯელობს.

დღის ამბები