„ევროპული საქართველო“ ხელისუფლებას, საქართველოს ინტერესების საზიანო ქმედებებში ადანაშაულებს. განცხადება, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ გააკეთა. ბოკერია ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება არ იყენებს შანსს, მიუერთდეს რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებს, რომელზეც უკრაინა მუშაობს.
გიგა ბოკერია საგარეო საქმეთა მინისტრის დღევანდელ კომენტარს გამოეხმაურა, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ეხება.
ცნობილია, რომ პეტრო პოროშენკოს და ქართული დელეგაციის შეხვედრისას, უკრაინულმა მხარემ საქართველოს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მექანიზმის სრულყოფაში მონაწილება და ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხის დამატება შესთავაზა.
დღეს კი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა, რომ ეს არ იყო შეთავაზება.
„ევროპული საქართველო“ მოითხოვს, პრემიერმა განმარტოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადება და ასევე გაცხადდეს, ქვეყნის მთავრობის პოზიცია საკითხთან მიმართებაში.
„როდესაც ჩვენი მეგობრული ქვეყნის პრეზიდენტი საჯაროდ გვთავაზობს მხარდაჭერას და თანამშრომლობას, რომ საქართველოს პრობლემა იქცეს საერთაშორისო სანქციების ნაწილი, იმის მაგივრად, რომ ახლა მაინც ამ შანსის გამოყენებას ეცადოს ჩვენი მთავრობა, ჩვენ ვისმენთ ერთი შეხედვით უშინაარსო და უაზრო კომენტარს, მაგრამ რეალურად მავნებლურ და უპასუხისმგებლო განცხადებას და შეურაცხყოფასაც ჩვენი მეგობარი ქვეყნის მიმართ, საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან, რომ ეს საერთო შეთავაზება არ არისო. ანუ, ისინი აგრძელებენ უტიფრად და საჯაროდ ამას ადასტურებენ, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების წინააღმდეგ მოქმედებას,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.