20 ნოემბერი 2024,   13:25
ვრცლად
მაჩალიკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ - ოჯახი ევროსასამართლოს სუს-ის მიერ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის ფაქტის გამო მიმართავს

მაჩალიკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ - ამ სახელწოდებით თემირლან მაჩალიკაშვილის იურისტები სარჩელს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასმართლოში შეიტანენ. პროკურატურაში თვეზე მეტია, სპეცრაზმელების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა შედეგი ოჯახისთვის უცნობია.

საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე და საგამოძიებო ჯგუფი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებს შეხვდა თუმცა, ოჯახის ადვოკატების განცხადებით, შეხვედრა პასუხების გარეშე დასრულდა.

მოთხოვნის მიუხედავად, მთავარ პროკურატურაში დღეს მაჩალიკაშვილებს არც სისხლის სამართლის საქმის მასალები გააცნეს. მთავარ პროკურორთან შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა ისიც, რომ გარდაცვლილის ოჯახისთვის დაზარალებულის სტატუსს მინიჭებას პროკურატურა საგამოძიებო მოქმედებების დასრულებამდე არ აპირებს.

ადვოკატების კიდევ ერთი მოთხოვნა იმ მაღალჩინოსნების სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებაც არის, რომლებმაც 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში სპეცოპერაცია დაგეგმეს.

ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის“ იურისტები სუს-ს თემირლან მაჩალიკაშვილის კადრების გასაჯაროვებით უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაში ადანაშაულებენ.

პროკურატურაში არ გამორიცხავენ, რომ ოჯახს დაზარალებულის სტატუსი საქმეზე დანიშნული კომპლექსური ექსპერტიზების პასუხების შემდეგ მიენიჭოს.

მანამდე კი საგამოძიებო უწყება პირობას დებს, რომ საქმის მასალებს ადვოკატებს პერიოდულად გააცნობს.

დღის ამბები