„ეს არის მთლიანად მცდარი მიმართულებით შესრულებული სამუშაო, რაც უკვე კითხვებს აჩენს კომპანიის მიმართაც თვითონ პროფესიონალიზმში და სანდოობაში, როგორც შესრულების, ასევე პროექტის ნაწილში,“ - ეს განცხადება თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ საკრებულოში ორი ფრაქციის გაერთიანებულ სხდომაზე მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით გააკეთა.
ირაკლი ხმალაძის თქმით, მეტროსადგურში ჩატარებული სამუშაოები შემსრულებელი კომპანია „ყვარელრემმშენის“ მიმართ კითხვის ნიშნებს აჩენს.
„რა თქმა უნდა, პასუხისმგებელ მხარეზე დადგება პასუხისმგებლობის საკითხი, თუმცა, არა იმ კუთხით, რომ ჩვენ მათ გამოვასწორებინოთ ეს სამუშაოები. ჩვენ ვაპირებთ, რომ ახალი პროექტი შევადგინოთ, შეადგინოს პროექტი სხვა კომპანიამ და შეასრულოს ეს სხვა კომპანიამ. თუმცა, დანახარჯების ანაზღაურება ბრალდებულ მხარეს მოუწევს,“ - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
ოპოზიციის მთავარი შეკითხვა ეხებოდა იმას, თუ რატომ გადაწყვდა რომ ძველი კონსტრუქცია ახლის დამაგრებას გაუძლებდა. ასევე, ოპოზიციას აინტერესებდა, რამდენ მეტროსასდგურში მიმდინარეობს მსგავსი პროექტი და რომელი კომპანიები ასრულებენ ამ სამუშაოს.
„ევროპული საქართველოს“ წევრი, გიორგი გაბაშვილი პოლიტიკურ პასუხისმგებლობას მერიას აკისრებს.
„ეს არის მერიის პასუხისმგებლობა, რომ მეტროსადგურში მიმდინარე სამუშაოები შემოწმების გარეშე არ უნდა ჩაიბარო,“ - განაცხადა გაბაშვილმა.
მეტროსადგურში ჭერი სამი დღის წინ ჩამოინგრა, რის შედეგადაც 14 ადამიანი დაშავდა. აღნიშნული მეტროსადგური 2017 წლის ზაფხულში კომპანია „ყვარელრემმშენმა“ გაარემონტა.