20 ნოემბერი 2024,   13:25
ვრცლად
სასჯელაღსრულებისა და თავდაცვის სამინისტროებში ჩატარებული აუდიტის დასკვნა - პარლამენტში შეფასებები განსხვავებულია

ნდობის ჯგუფის წევრები ამ წუთებში სასჯელაღსრულებისა და თავდაცვის სამინისტროებში ჩატარებული აუდიტის დასკვნას განიხილავენ. დოკუმენტი, რომელიც გრიფით საიდუმლოა, 2015-2016 წლებს მოიცავს.

ოპოზიციის თქმით, დოკუმენტიდან ირკვევა, რომ სისტემური პრობლემები არსებობდა და თანხა არამიზნობრივად იხარჯებოდა.

საპარლამენტო უმცირესობის მდივანი, ფრაქცია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრი, ირაკლი აბესაძე აცხადებს, რომ აუდიტის აღნიშნული დასკვნა ადასტურებს, რომ წლების განმავლობაში თავდაცვის სფეროში გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების მნიშვნელოვანი ნაწილი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდისკენ არ იყო მიმართული.

„ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ იმ პრობლემებზე და მათ შორის, დანაშაულებრივ საკითხებზე, რაზეც საუბარია აუდიტის დასკვნაში ნდობის ჯგუფზე უფრო მეტად გაფართოებულ ფორმატში, თუნდაც, კომიტეტის ფორმატში, დახურულ რეჟიმში, რადგანაც საუბარია, სახელმწიფო საიდუმლოებაზე, მოწვეულ იქნეს თავდაცვის მინისტრი და შესაბამისი მინისტრები და პასუხი გაეცეს, მართლაც, რამდენად გამოსწორდა ის დარღვევები, რაც არსებობდა,“ - განაცხადა აბესაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები კი აცხადებენ, რომ აუდიტის დასკვნის მიხედვით, ძირითადი პრობლემები ტექნიკური სახის იყო, რომელთა უმრავლესობა დღეს უკვე გამოსწორებულია.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი აღნიშნავს, რომ არსებობს დარღვევები, თუმცა, მისი თქმით, ეს ძირითადად გამოწვეულია არასწორი ადმინისტრაციული მმართველობის გამო.

„არის ტექნიკურ დავალებებში ძალიან ბევრი შეცდომა, არის ჩაშლილი ტენდერები, არის რიგ შემთხვევებში არასწორი აღრიცხვიანობა, რაც უკავშირდება გარკვეულ არასწორ გამოცდილებას წლების მანძილზე... აქ გვაქვს ძირითადად ადმინისტრაციულ ხარვეზებთან საქმე, რომელიც თავის მხრივ, გამოსასწორებელია, მაგრამ არანაირ კატასტროფასთან არ გვაქვს საქმე, როგორც ეს აღინიშნა,“ - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

დღის ამბები