„კანონიერი ქურდობა ისჯება. ეს კანონით გათვალისწინებულია. ქალბატონმა მინისტრის მოადგილემ მეორე კომენტარში განაცხადა, რომ გამორიცხულია ეს შეიცვალოს. მინდა, მჯეროდეს, რომ ეს ასე იქნება,“ - ამის შესახებ სამართალდამცავთა დაცვის ლიგის ხელმძღვანელმა, ზაზა ჭაიამ, განსხვავებული აქცენტების პირდაპირ ეთერში განაცხადა.
ზაზა ჭაიას თქმით, თუ კანონიერ ქურდს ცალკე დანაშული აქვს ჩადენილი, ის სხვა მუხლითაც დაისჯება, თუმცა 223-ე მუხლს ვერ გაექცევა.
ის ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტებთან დაკავშირებით ნათია მეზვრიშვილის კომენტარებს გამოეხმაურა.
შს მინისტრის მოადგილის პირველი განცხადების მიხედვით, რომელმაც გაუგებრობა გამოიწვია, საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები იმ შემთხვევაში დაისჯებიან, თუ გამოძიებით დადასტურდება, რომ მათ რაიმე ფორმით გავლენა აქვთ მოხდენილი საქართველოში დანაშაულებრივ საქმიანობაზე, ან მონაწილეობა აქვთ მიღებული რაიმე დანაშაულში.
ამის შემდეგ მეზვრიშვილმა კომენტარი შეცვალა და დამატებითი განმარტება გააკეთა.