„მოველით იმას, რომ სასამართლო უსიტყვოდ გაიზიარებს პროკურატურის პოზიციას," - ეს განცხადება მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატმა, სოსო ბარათაშვილმა მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმესთან დაკავშირებით გააკეთა. საქართველოს პროკურატურა მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადირებას იწყებს და საქალაქო სასამართლოს წინადადებით მიმართავს, რომ დემირელის სკოლების მენეჯერი თურქულ მხარეს გადაეცეს.
მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატი, სოსო ბარათაშვილი აღნიშნავს, რომ თუ სასამართლო პროკურატურის გადაწყვეტილებას გაიზიარებს, მაშინ ისინი უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ გადაწყვეტილებას.
„მოველით იმას, რომ სასამართლო უსიტყვოდ გაიზიარებს პროკურატურის პოზიციას. ამის შემდეგ, 7 დღეში ეს გადაწყვეტილება საჩივრდება საქართველოს უზენაეს სასამართლოში, ერთჯერადად და უზენაესი სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ამ შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, იუსტიციის მინისტრს ნებისმიერ დროს შეუძლია, ხელი მოაწეროს მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადაციას,“ - განაცხადა სოსო ბარათაშვილმა.
ადვოკატის თქმით, ევროსასამართლოში გასაგზავნად უკვე გამზადებული აქვთ შუამდგომლობა, სადაც ჩაბუქის ექსტრადაციის შეჩერებას მოითხოვენ.