მმართველ პარტიაში საპრეზიდენტო კანდიდატის შესახებ მსჯელობა ჯერ არ დაწყებულა - განცხადება „ქართული ოცნების“ წევრებმა გუშინ ფრაქციის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთეს. დეპუტატებმა საგაზაფხულო სესიასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს, მათ შორის იყო კანონპროექტები ნარკოპოლიტიკისა და შრომითი უსაფრთხოების შესახებ.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლების თქმით, კანონპროექტებზე ფრაქციის წევრების პოზიციები ერთმანეთს ემთხვევა.
„შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ფრაქცია შეჯერდა, რომ აქ ვიქნებით ძალიან პრინციპულები, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ არ გვყავს დასაკარგი მოქალაქეები ნამდვილად და რაც შეიძლება სწრაფად უნდა მივიღოთ გადაწყევტილება, რომ შრომის უსაფრთხოების ნორმებმა თავისი წილი პასუხისმგებლობა აიღოს იმაზე, რაც ხდება,“ - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ უმრავლესობა მუშაობს ნარკოპოლიტიკის ისეთ მოდელზე, რომელიც ქვეყანაში შეამცირებს ნარკოტიკების პრობლებას და ხელს შეუწყობს ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას.
„რაც შეეხება ნარკოდამოკიდებულ პირებს, სახელმწიფო დაეხმარება მათ მკურნალობის, რეაბილიტაციის და ზიანის შემცირების სერვისებით და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, საკანონმდებლო ცვლილებები ხელს შეუწყობს სამართალდამცავ სტრუქტურებს, კიდევ უფრო მეტად ორგანიზებულ ნარკოდანაშაულთან და ნარკოტრაფიკთან ბრძოლაში,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.