იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეებთან გასაუბრება ისე დასრულდა, რომ ანა დოლიძე პროცესზე თითქმის, არ დაუშვიათ. პრეზიდენტის დანიშნული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის აცილებას კანდიდატები ერთმანეთის მიყოლებით ითხოვდნენ. მიზეზად მოსამართლეებმა ანა დოლიძის მიერ გაკეთებული საჯარო განცადება დაასახელეს, სადაც ის სასამართლო სისტემის ადეიშვილის ნარჩენებისგან გათავისუფლებაზე საუბრობდა.
ანა დოლიძე მის წინააღმდეგ კამპანიის წარმოებაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრებს ადანაშაულებს, რომლებისთვისაც მისი საბჭოში ყოფნა არაკომფორტულია. პრეზიდენტის მიერ დანიშნული წევრი აცილების გასაჩივრებას საერთო სასამართლოებში გეგმავს.
ანა დოლიძის გარდა, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე პროცესი დღეს ღიად გააკრიტიკა საბჭოს კიდევ ერთმა არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა.
დაპირისპირება იუსტიციის საბჭოში პოლიტიკური ბრალდებების მიზეზი გახდა პარლამენტში. „ქართულ ოცნებაში“ აზრი ორად გაიყო, ნაწილი ანა დოლიძის მწვავე შეფასებებს პრეზიდენტ მარგველაშვილის პოლიტიკურ თამაშს უკავშირებს, ვიცე სპიკერ თამარ ჩუგოშვილს კი, ანა დოლიძის პროფესიონალიზმში ეჭვი არ ეპარება.
ოპოზიციის წევრები კი, მმართველ გუნდს სასამართლო სისტემაში უხეშ ჩარევაში ადანაშაულებენ.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა საბჭოში ორდღიანი დაპირისპირების შემდეგ განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც აღნიშნულია, რომ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესისგან ანა დოლიძის ჩამოშორება მიმდინარე პროცესის ხარისხს აზიანებს.