,,ევროპული საქართველო“ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქართველოდან გატაცების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.
ამ წინადადებით ოპოზიციამ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს მიმართა და კომისიის შექმნის მიზეზები განმარტა.
სერგო რატიანის განცხადებით, კომისიის შექმნის აუცილებლობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა მუხთარლის სკანდალური ინტერვიუს შემდეგ, რამაც კიდევ უფრო მეტი კითხვის ნიშანი გააჩინა.
საპარლამენტო ოპოზიცია ამბობს, რომ საჭიროა საქმის ირგვლივ მსჯელობა პარლამენტში დაიწყოს.
"პარლამენტმა უნდა გამოხატოს პოზიცია, რაც შეეხება მტკიცებას, რომ პრემიერი არაფერ შუაშია, სწორედ ამიტომ უნდა შეიქმნას კომისია, რომ დადასტურდეს ან არ დადასტურდეს, რომ პრემიერი არაფერ შუაშია“ -განაცხადა სერგო რატიანმა.
კომიტეტის სხდომა კამათისა და ურთიერთ ბრალდებების ფონზე წარიმართა. კომისიის შექმნის შესახებ საპარლამენტო ოპოზიციის წინადადებას კომიტეტის თავჯდომარე, სოფო კილაძე არ ეთანხმება და ამბობს, რომ კომიტეტი არ იყო მომზადებული ამ საკითხის განსახილველად.
,,ამ შოუში არ მივიღებთ მონაწილეობას... თუ ვინმეს სურს არავის მოერიდება...თუ აქვს ვინმეს განსხვავებული აზრი არ არი საჭირო თქვენი მხარდაჭერა, თუ შეიძლება ნაციონალური დემაგოგიით ნუ წავალთ...“-უპასუხა კილაძემ რატიანს.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო კილაძის განცხადებებს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი სალომე სამადაშვილი ცინიკურს უწოდებს.
სამადაშვილი აცხადებს, რომ აღნიშნული კომიტეტის მოვალეობაა შეისწავლოს მუხთარლის საქმე.
,,ამორალობაა, როდესაც კილაძეს და მის კოლეგებს არ აქვთ მოთხოვნილება, რომ გაიგონ რეალურად რა მოხდა და პასუხი მოთხოვონ აღმასრულებელ ხელისუფლებას მათ მიერ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულზე"-აცხადებს სამადაშვილი.