20 ნოემბერი 2024,   13:30
ვრცლად
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ამ დროისთვის უვადოდ 35 მოსამართლე გაამწესა

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სამ საათზე მეტია მოსამართლეთა უვადოდ გამწესებასთან დაკავშირებით კენჭისყრა მიმდინარეობს. საბჭოს წევრებმა 39 კანდიდატზე იმსჯელეს, აქედან 35 მოსამართლე გაამწესეს უვადოდ, ოთხ კანდიდატს კი უარი ეთქვა.   

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ანა დოლიძე იმედოვნებს, რომ საბჭო რამდენიმე მოსამართლეს უვადოდ არ დანიშნავს.

„აქ იგულისხმება თეთრაძის, მოლაშვილის მოსამართლეები, ნორა კვიციანის მოსამართლე. რა თქმა უნდა, აქ ვგულისხმობ იმ მოსამართლეებს, რომლებმაც მიიღეს გადაწყვეტილებები პოლიტიკური ნიშნით, პოლიტპატიმრების საქმეებზე პირველ რიგში, და ის გადაწყვეტილებები, რომლებიც მოგვიანებით, შავით თეთრზე იყო ცნობილი, როგორც მცდარი,“ - განაცხადა დოლიძემ.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ნაზი ჯანეზაშვილს არ აქვს იმედი, რომ მოსამართლეების შერჩევისას საბჭოს წევრები დამოუკიდებლად მიიღებენ გადაწყვეტილებას, წინასწარი შეთანხმების გარეშე.

„წინასწარ არის ხოლმე შეთანხმებული, ბუნებრივია, თუ ვის დაუჭერენ ხოლმე მხარს საბჭოს 10 წევრი, მათ შორის, არის ხოლმე 2 არამოსამართლე და 8 მოსამართლე წევრი. ვნახოთ, დღეს როგორ განვითარდება მოვლენები, როგორი იქნება კენჭისყრა... ბუნებრივია, მე მაქვს სურვილი, რომ გადაწყვეტილება მიღებული იყოს ინდივიდუალურად, ეს არ იყოს წინასწარი შეთანხმების შედეგი, თუმცა, ოპტიმისტური ამ საკითხთან მიმართებაში არ ვარ,“ - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

უვადოდ გამწესებულ მოსამართლეთა შორის არის მოსამართლე ნათია გუჯაბიძე, რომელიც „რუსთავი 2“-ის საქმის განხილვაში იღებდა მონაწილეობას სააპელაციო კოლეგიის შემადგენლობაში. ასევე, უვადოდ გამწესებულ მოსამართლეთა შორის არიან გახმაურებული საქმეების მოსამართლეები გიორგი გოგინაშვილი, ილონა თოდუა, ირაკლი ბონდარენკო, მანუჩარ კაპანაძე, რევაზ ნადარაია, შორენა გუნცაძე და ლილი მსხილაძე.

დღის ამბები