20 ნოემბერი 2024,   13:10
ვრცლად
განხილული იყო ყველა ის საკითხი, რომელიც შემდგომში საქართველოს პროგრესს განაპირობებს - პოლიტიკოსები იან კელის განცხადებებს აფასებენ

ამერიკის მოქმედი ელჩი საქართველოში, იან კელი 33 წლიან დიპლომატიურ კარიერას ასრულებს და სამშობლოში ბრუნდება.

საქართველო ბოლო ქვეყანა იქნება, სადაც იან კელი დიპლომატიურ მისიით იმყოფება.

კელი ამერიკაში დაბრუნების შემდეგ პედაგოგიური მოღვაწეობის დაწყებას გეგმავს.

დღეს ამერიკის ელჩმა 33 წლიანი კარიერა და მათ შორის საქართველოში გატარებული პერიოდი შეაჯამა.

შეხვედრას პოლიტიკოსები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კელიმ იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რომელიც საქართველოს დემოკრატიის განვითარების გზაზე აქვს.

,,ლაპარაკი იყო სასამართლოს დამოუკიდებლობაზე, რომლის გარეშეც დემოკრატია არ არსებობს. საუბარი იყო მედიის დამოუკიდებლობაზე, რომელსაც პრობლემები აქვს საქართველოში. იმედია, ეს პრობლემები იქნება შესმენილი, მაგრამ ამის იმედი არ მაქვს , იმიტომ რომ ძალაუფლება აბნევს, ძალაუფლებაში მყოფ ხალხს“- აცხადებს ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა რურუა.

,,ევროპული საქართველოს“ წევრის გიორგი ტუღუშის განცხადებით, იან კელიმ ხელისუფლებაში კონცენტრირებულ დიდ ძალაუფლებაზე ისაუბრა. ტუღუშის თქმით, ელჩმა აღნიშნა, რომ საარჩევნო პერიოდში რესურსების დიდი ნაწილი ყოველთვის მმართველი ძალის ხელში იყო. 

,,ძალიან კარგად მენიშნა, ის რამდენიმე თემა, რაზეც ბატონ კელის არაერთხელ აქვს ყურადღება გამახვილებული. ეს არის რა თქმა უნდა, ძალაუფლების კონცენტრაცია ,,ქართული ოცნების“ და ივანიშვილის ხელისუფლების ხელში. მან ახსენა კიდეც, რომ 90% რესურსის ფაქტობრივად არის ,,ქართული ოცნების“ ხელში საარჩევნო პერიოდში ყოველთვის, რაც ქმნის არათანაბარ პოლიტიკურ ველს, “-აცხადებს გიორგი ტუღუში.

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის,  ვანო მაჭავარიანის განცხადებით, შეხვედრაზე განხილული იყო ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც მნიშვნელოვანია, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და რომელიც განაპირობებს საქართველოს პროგრესს.

,,რიგი თემები, რომელიც ეხება სასამართლო ინსტიტუტებს, მრავალპარტიულობას, მედიას - არის ზუსტად ის, რაც ჩვენი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისთვის აშშ-სთვის. ეს ყველაფერი  არის ერთ-ერთი მთავარი, რომ შემდგომი წლები იყოს საქართველოს წარმატებისა და არა რეგრესის წლები“-განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

დღის ამბები