„იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ გამოწვევები სასამართლო სისტემაში არის ძალიან ბევრი,“- ამის შესახებ იუსტიციის საბჭოს წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა.
მან საბჭოს მიერ მოსამართლეთა უვადოდ გამწესებაზე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება ყველა წევრის მოსაზრებით არ იყო მიღებული.
ნაზი ჯანეზაშვილი მოსამართლეთა უვადოდ გამწესებასთან დაკავშირებით პრემიერის კრიტიკას გამოხმაურა. ჯანეზაშვილი იმედოვნებს, რომ სასამართლოს სისტემის რეფორმირებისთვის ხელისუფლება ქმედით ნაბიჯებს გადადგამს.
„ამიტომ ვფიქრობ, რომ იმ ჯგუფმა, რომელიც სასამართლო სისტემას მართავს, მიხეილ ჩინჩალაძის ლიდერობით, აუცილებლად უნდა გააცნობიეროს, რომ ასე გაგრძელება შეუძლებელია და ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგან, ითანამშრომლონ იმისთვის, რომ ცვლილებები არის მნიშვნელოვანი. საბჭოს გადაწყვეტილება, რომელიც გუშინ იქნა მიღებული დანიშვნასთან დაკავშირებით, იყო შედეგი წინასწარი შეთანხმების, ეს არ იყო შედეგი ჩვენი ყველა წევრის მოსაზრების, პოზიციის გაზიარების, ეს იყო შედეგი წინასწარი შეთანხმების იმ უმრავლესობას შორის, რომელსაც აქვს შესაბამისი ხმათა რაოდენობა, რომ მიიღოს გადაწყვეტილება,“- განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.