44 მოსამართლის უვადოდ გამწესების შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა. გიორგი კვირიკაშვილი აღნიშნავს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კითხვები მასაც აქვს.
"რამდენიმე მოსამართლესთან დაკავშირებით მიღებულმა გადაწყვეტილებამ საზოგადოებაში გააჩინა კითხვები და ეს კითხვები არის ჩვენს გუნდშიც. მძიმეა რეაქცია სულხან მოლაშვილის საქმის განმხილველი მოსამართლის, მანუჩარ კაპანაძის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში უვადოდ გამწესებასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, აუცილებელია და ძალიან მნიშვნელოვანია, ამ კითხვებს გაეცეს დასაბუთებული პასუხი",- აღნიშნავს პრემიერი, თუმცა განცხადებაში არ აკონკრეტებს, ვინ უნდა გასცეს პასუხი ამ კითხვებს.