20 ნოემბერი 2024,   13:32
ვრცლად
არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა - საპარლამენტო უმრავლესობა რეზოლუციას ამზადებს 

საპარლამენტო უმრავლესობა ცხინვალის ციხეში არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, რეზოლუციას ამზადებს.

რეზოლუციის მთავარი მოთხოვნა მომხდარის ობიექტური და დროული გამოძიების ჩატარება იქნება. გარდა ამისა მმართველი გუნდი, ოკუპირებულ რეგიონებში საერთაშორისო დამკვირვებლების შეშვებასაც მოითხოვს. 

„ახლახანს მომხდარი ტრაგიკული ფაქტიც იმის დასტურია, რომ მძიმეა ოკუპაციის შედეგები, ამიტომ ჩვენ ყველამ, რა თქმა უნდა უმრავლესობამ პირველ რიგში და რა თქმა უნდა თუკი ამ საკითხს შემოუერთდება უმცირესობა ეს იქნება კარგი. ჩვენ უნდა დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია, ჩვენ უნდა გავაცნოთ საერთაშორისო საზოგადოებას. ჩვენი მოთხოვნა იყო და რჩება დამკვირვებლების შეშვება ოკუპირებულ ტერიტორიებზე,“-განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა.

ოპოზიცია ფიქრობს, რომ ინიციატივა დაგვიანებულია, თუმცა საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე რეზოლუციის პროექტს მხარს დაუჭერს.

„ასეთი მოქმედებები სამწუხაროდ დაგვიანებულია, მაგრამ გასაკეთებელია. ამას მოვუწოდებთ ჩვენ ხელისუფლებას ამდენი ხნის განმავლობაში და თუ შესაბამისად ასეთი ტექსტი იქნება, რა თქმა უნდა მხარს დავუჭერთ,“-აცხადებს ენმ-ს წევრი გიორგი ბარამიძე.

ინიციატივა ბიუროს სხდომაზე მიმდინარე კვირას დარეგისტრირდება, მანამდე კი მმართველი გუნდი რეზოლუციის ტექსტზე იწყებს მუშაობას.

დღის ამბები